არასამთავრობო ორგანიზაციები, COVID-19-ის მკვეთრი აფეთქების ფონზე, საქართველოს მთავრობას აფხაზეთის ჰუმანიტარული და სამედიცინო მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნულია, აფხაზეთში ახალი დეფაქტო პრეზიდენტის არჩევამ, აფხაზეთის ე.წ. პოლიტიკური ელიტის პოზიტიურმა მესიჯებმა და COVID 19-თან დაკავშირებულმა საკითხებმა ქართულ-აფხაზური თანამშრომლობის პერსპექტივები გაზარდა და ამ ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა.
"ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების პასიურობა და ახალი, შემხვედრი ნაბიჯების ნაკლებობა ნათლად აჩვენებს, რომ შერიგების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა გააქტიურებას და ახალ იმპულსებს საჭიროებს. ნიშანდობლივია, რომ დღემდე საქართველოს ხელისუფლება ნაკლებად იყენებს სამოქალაქო საზოგადოების რესურს და გამოცდილებას სამშვიდობო პროცესში. ბოლო პერიოდში სახელმწიფოს პოლიტიკის პასიურობის დასტური იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვაკანტური პოზიცია თვენახევრის განმავლობაში და დევნილთა საკითხებზე მომუშავე სამინისტროს გაუქმება 2018 წელს", - წერია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობას:
- გაააქტიუროს პირდაპირი დიალოგი აფხაზურ საზოგადოებასთან; ეფექტიანად გამოიყენოს სამოქალაქო საზოგადოების რესურსი და გამოცდილება სამშვიდობო პროცესში და ამ მიზნით, ხელი შეუწყოს არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან თანმშრომლობისთვის მუდმივმოქმედი პლატფორმის შექმნას;
- გალში მცხოვრები პენსიონერების და დევნილების მიერ კუთვნილი პენსიის/ დევნილთა შემწეობების მისაღებად, იშუამდგომლოს ლიბერთი ბანკთან, რომ მოსახლეობამ პენსიის/შემწეობის მიღება რუხის ადმინისტრაციულ საზღვართან ბანკის მობილური სერვისების გამოყენებით შეძლოს; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, სანიტარიული ნორმების დაცვით, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან აფხაზეთიდან ჩამოსული პირებისთვის უზრუნველყოს მედიკამენტების, პროდუქტების და პირველადი მოხმარების საგნების შეძენისთვის პირველადი პუნქტების მოწყობა.
- დამატებითი დახმარება აღმოუჩინოს გალის რაიონში არსებულ სკოლებს, მათ შორის, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით დახმარებით და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მაღალი სიჩქარის მქონე ინტერნეტ პროვაიდერის შესვლის წახალისებით.
- დაიწყოს მუშაობა გალიდან გადმოსული პაციენტებისთვის, სერვისების გამარტივების კუთხით; ხელი შეუწყოს გალისა და საბერიოს საავადმყოფოების მედიკამენტებით და სხვა სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგებას, მათ შორის, მათ აღჭურვას გადასატანი პორტატიული რენტგენის და ექოსკოპიის აპარატებით, ქირურგიული ინსტრუმენტების კომპლექტით და სხვ.
- პანდემიის გავლენის დევნილების და გალის მცხოვრებთა დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესამსუბუქებლად, შეიმუშაოს სპეციალური, მათ საჭიროებებზე მორგებული დროებითი პროგრამები.
- სხვადასხვა მნიშნელოვანი პრობლემის მოგვარების მიზნით შესაძლოა დაიგეგმოს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისს მექანიზმის (IPRM) საგანგებო შეხვედრის გამართვა გალში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)", - ნათქვამია განცხადებაში.