logo
ENG



Covid-19-ის ეკონომიკური ეფექტი - კრიზისი და გაკოტრების მოლოდინი ბიზნესში

29 მარ 202017:24
3 წუთის საკითხავი
clock 1602
3r3by93w2bchub0.jpg

ახალი კორონავირუსის პანდემია, რომელსაც უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე აყენებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. მას შემდეგ, რაც მთავრობამ ვირუსის პრევენციისთვის მოქალაქეთა თვითიზოლაციის და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების დახურვის რეკომენდაცია გასცა, მწვავე პრობლემები შეექმნათ როგორც დამსაქმებლებს, ისე დასაქმებულებს. ობიექტების უმეტესობა გაურკვეველი ვადით დაიკეტა, დასაქმებულთა ნაწილი ანაზღაურებად, ნაწილი კი, უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემას ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება ქმნის, რაც შემდგომში პროდუქტებზე ფასების ზრდას იწვევს.

ბიზნესსუბიექტები სხვადასხვა ტიპის პრობლემებს აწყდებიან. მათი ნაწილი გაურკვევლობაში და საფრთხის მოლოდინშია, ნაწილს კი, იმედი აქვს, რომ რამდენიმე თვეში კრიზისი დასრულდება და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან.

ბიზნესმენი დავით ჯარაშნელი, რომელიც თბილისში სპორტულ ბაზას ფლობს, აცხადებს, რომ შექმნილი მდგომარეობის შედეგად მძიმე ფინანსური ზარალი მიადგა. ამის ძირითადი მიზეზი მის შემთხვევაში კომუნალური გადასახადებია, რომელიც უკვე 25 ათას ლარს აღწევს. ჯარაშნელი განმარტავს, რომ მათი მომსახურებით ამ დროისთვის არავინ სარგებლობს და გადასახადების გადახდას ვეღარ ახერხებენ.

ჩვენ გვაქვს სპორტული ბაზა, რომელიც მოიცავს კალათბურთის, ფეხბურთის დარბაზებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს, აუზს და ასე შემდეგ. უკვე თითქმის ორი თვეა, კრიზისულ მდგომარეობაში ვართ. ვინც ჩახედულია აუზის მუშაობაში, ეს არის სეზონური საქმიანობა. იანვარში საერთოდ გაჩერებულია, თებერვლის რიცხვებში იწყებს მუშაობას და მარტში უკვე სრულფასოვნად მუშაობს. შემდეგ აგვისტოში მოთხოვნა კვლავ მცირდება. სრული დატვირთვით ჯამში მხოლოდ 6 თვის განმავლობაში მუშაობს. ჩვენი აუზი იტევს 990 ტონა წყალს. ამის ამუშავებას დიდი ხარჯები სჭირდება. ფაქტიურად იანვარი ვიმუშავეთ ზარალზე. ახლა მოხდა ისეთი რამ, რომ იანვარში 14 600 ლარი დაგვიჯდა გადასახადი, თებერვალში 13 700 დაახლოებით, ვგულისხმობ მხოლოდ კომუნალურებს, ამის გარდა არის იჯარაც. ამ მხრივ შესაძლოა, შევთანხმდეთ მეიჯარესთან, თუმცა კომუნალურები მწვავე პრობლემას გვიქმნის“, - განაცხადა ჯარაშნელმა.

ბიზნესმენი კიდევ ერთ პრობლემად გაზისა და წყლის მაღალ ტარიფს ასახელებს. ის ხელისუფლების მხრიდან დახმარების საჭიროებაზე მიუთითებს და ამბობს, რომ თუ ხელშეწყობა არ იქნება, შესაძლოა, საქმე გაკოტრებამდეც მივიდეს.

კუბამეტრი წყალი 4.40 ლარი ღირს, ასეთი ფასი არ შეიძლება საქართველოში იყოს. გაზი არის 86 თეთრი. „ყაზტრანსგაზთანრომ ვმუშაობდით იყო 71 თეთრი, 4 თებერვლიდან მოვიდა თუ არა ახალი ხელმძღვანელობა, ფასი გაზარდეს.  ან მერიიდან დახმარებით, ან გადასახადის გადანაწილებით, რისი საშუალებაც ექნება სახელმწიფოს, იქნებ ხელი შეგვიწყოს და ბოლომდე არ ჩავიძიროთ“, - განაცხადა დავით ჯარაშნელმა.

რაც შეეხება დასაქმებულების მდგომარეობას, როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, იმისათვის, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასები გადაეხადა, საკუთარი ავტომობილის გაყიდვა მოუწია.

ავტომობილის გაყიდვა მომიწია იმისათვის, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასები გადამეხადა. ეს ყველაფერი მათი ბრალი არ არის, მათ იმუშავეს და თავიანთი ხელფასი უნდა მიეღოთ“, - აღნიშნა ჯარაშნელმა.

მწვავე პრობლემების წინაშე დგანან სასტუმროებიც. ერთ-ერთი საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელი ნინო კიკაძე აცხადებს, რომ ვირუსის პანდემიის შედეგად, ჯავშნების 100% გაუქმდა და სასტუმროს დახურვა მოუწია. მისივე თქმით, მარტის თვეში დასაქმებულებისთვის ხელფასის სრული ოდენობის გადახდა ვერ შეძლეს, ხოლო აპრილიდან, მათი უხელფასო შვეულებაში გაშვება უწევთ.

მდგომარეობა კატასტროფულია. მხოლოდ მარტის თვეში, ჯავშნების 100% გუქმდა. არანაირი იმედი არ გვაქვს ახლო მომავალში, რომ რაიმე ჯავშანი შემოვა. ამასთან ერთად, დაახლოებით 15-20 ჯავშანი გვქონდა ხანგრძლივ პერიოდზე, რაც ჩვენთვის საკმაოდ დიდი ზარალია. ამ დროისთვის სასტუმრო ცარიელია. თუნდაც 1 თვეში რომ მოგვარდეს არსებული კორონავირუსის პრობლემა, ვფიქრობთ, სულ მცირე 2-3 თვე იქნება საჭირო იმისათვის, რომ ტურიზმის რეაბილიტაცია მოხდეს და ხალხმა ისევ დაიწყოს ჩამოსვლა.

„რაც შეეხება ჩვენთან დასაქმებულებს, შეძლებისდაგვარად ამ თვეში ვეცადეთ, რომ გადაგვეხადა და ისე არ დაგვეტოვებინა. თუმცა, აპრილის თვიდან მთლიანად დახურულები ვართ და გამორიცხულია, რომ ხელფასების გადახდა შევძლოთ. მარტის თვეშიც, მთლიანი ხელფასები ვერ გადავუხადეთ პერსონალს, თვითონაც შემოვიდნენ ჩვენს მდგომარეობაში. ასეთი მდგომარეობა გვაქვს ამ დროისთვის და შემდგომში რა იქნება, სამწუხაროდ ვერ გეტყვით“, - აღნიშნა სასტუმროს მფლობელმა.

პანდემიის გამო, ქვეყანაში დახურულია რესტორნები და კაფე-ბარებიც. მუშაობას მხოლოდ ის ობიექტები აგრძელებენ, რომლებსაც მიტანის სერვისი აქვთ. ჩვენთან საუბარში კაფემოდისმფლობელი ხათუნა გიორგაძე აცხადებს, რომ სხვა ობიექტების მსგავსად, ამ დროისთვის მისი კაფეც დახურულია. შედეგად, თანამშრომლების უხელფასო შვებულებაში გაშვება მასაც მოუწია, თუმცა ამბობს, რომ პერსონალი გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა.

შექმნილი მდგომარეობის გამო, არავითარი განწყობა არ გვქონდა, რომ მუშაობა გაგვეგრძელებინა, ამიტომ დავიხურეთ. მიტანის სერვისი არ გვაქვს. ზოგადად ძალიან იმედიანად ვუყურებ მომავალს და ვფიქრობ, ჯობია 2 თვე გავიჭირვოთ და შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ გავაგრძელებთ საქმიანობას. გადაწყვეტილება მივიღე თანამშრომლებთან ერთად. ძალიან გაგებით მოეკიდნენ შექმნილ ვითარებას, რადგან ეს არის კრიზისი არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის. იმედი მაქვს, რომ 2 თვეში მაინც გავიხსნებით და თუ იმდენი შემოსავლის წყარო არ გაჩნდება, როგორც იყო, ნახევარი ხელფასი გვექნება, იმედს არ ვკარგავთ. ძალიან საშიში რამის წინაშე ვდგავართ, ამიტომ მთავარია ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს და ამ ვირუსს გადავურჩეთ. შეიძლება ითქვას, რომ ომია, ამიტომ რაღაც უნდა მოვიკლოთ და ეს ყველაფერი გადავიტანოთ“, - განაცხადა ხათუნა გიორგაძემ.

რესტორნების წინაშე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით "ფორმულასთან" ისაუბრა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემაც. მისი შეფასებით, ძირითადი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფოს მსგავს ვითარებაში მოქმედების გამოცდილება არ აქვს და საზოგადოებაში დიდი გაურკვევლობაა. რაც შეეხება კონკრეტულ პრობლემებს, გაბრიჩიძე აცხადებს, რომ რესტორნების მფლობელთა ნაწილს პრობლემას მეიჯარეები უქმნიან, ნაწილს კი, ბანკები. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან მედიაციის შედეგად, ბანკებთან გადასახადების გადავადებაზე შეთანხმება მოხდა, გადასახადის პროცენტი არ შეცვლილა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესსუბიექტები გადავადების პერიოდის გასვლის შემდეგ, იმავე თანხას გადაიხდიან, რაც კრიზისის არარსებობის შემთხვევაში უნდა გადაეხადათ.

მთელი ქვეყანა არის განსაცდელში მაგრამ ბანკებმა ეს გადავადება გააკეთეს პროცენტის დაკლების გარეშე. ბანკი ამ სამი თვის გადავადებას და შემდეგ პროცენტის ამოღებას აპირებს და ამ წელიწადს დაამთავრებს ისევ ბედნიერი ბალანსით და მოგებით, როგორც უნდა დაემთავრებინა კრიზისის გარეშეც კი“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

როგორც ხელისუფლების, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ვერანაირ კონკრეტულ პროგნოზს ვერ აკეთებენ. ამასთან ერთად, ქვეყანაში უკვე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაწესებული შეზღუდვები სულ მცირე 1 თვით შენარჩუნდება და ბიზნესის დიდი ნაწილი კვლავგაჩერებულიიქნება. ფაქტია, რომ ხელისუფლების მხრიდან დახმარების და კონკრეტული გეგმის შემუშავების გარეშე, შესაძლოა, გაკოტრების საფრთხის წინაშე არაერთი ობიექტი აღმოჩნდეს და ამავდროულად, ქვეყანაში არსებული უმუშევრობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდოს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 90 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 4717 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268. ჯერჯერობით, ვირუსისგან მხოლოდ 18 პაციენტი განიკურნა, თუმცა ექიმებს აქვთ მოლოდინი, რომ უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე ინფიცირებულის განკურნებას შეძლებენ.

 

 


close დახურვა