დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სუს-ის ფაილებთან დაკავშირებით პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა.
ორგანიზაციამ წერილი უკვე გაუგზავნა ოთხ საპარლამენტო ფრაქციას: ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია; ძალა ერთობაშია, შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი და ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის.
"შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, საჯარო მოხელეებისა და სასულიერო პირების ფარული მოსმენა და თვალთვალი, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება, წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტების კონსტიტუციური მართლწესრიგიდან გადახვევას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლების მიხედვით, კონკრეტული საფუძვლების არსებობისას, საქართველოს პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია. ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ სახეზეა სახელმწიფო ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც კანონმდებლობის მიხედვით, წარმოადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთ საფუძველს", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
DRI-ში აღნიშნავენ, რომ წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე მათ გამოძიების იმედი არ აქვთ.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, DRI-ის, წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე, არ აქვს მოლოდინი, რომ უწყება ეფექტიან გამოძიებას აწარმოებს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საპარლამენტო ფრაქციებს მოუწოდა, გამოიყენონ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის 1-ლი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტში ინიცირება გაუკეთონ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს. საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური კითხვების და წუხილების საპასუხოდ, კომისიამ საჯაროობის და გამჭვირვალეობის მაღალი ხარისხით უნდა უზრუნველყოს სუს-ის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული უკანონო ფარული მიყურადების ფაქტების შესწავლა", - აღნიშნულია განცხადებაში.
13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც.
ფაილებში არის ინფორმაცია მათ პირად ცხოვრებაზე, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებზე.
ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.