logo
ENG



DRI: გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა

21 მარ 202418:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/21/3lsm6ml0wh5x0rb.jpg

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) საკონტაქტო პირებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გასულ კვირას გალის რეგიონში, ენგურს გაღმა საქართველოს მიმართულებით და უკან, რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა.

ორგანიზაციის ცნობით, მანქანების ნაწილს ენგურის ხიდამდე აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის (ე.წ. გაის) მანქანები აცილებდნენ.

"სატვირთო მანქანები ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტს მოსკოვის დროით საღამოს 7 საათის შემდეგ კვეთდნენ, მას შემდეგ, რაც რუსული და აფხაზური მხარის მიერ მოძრაობა ყველა სხვა მოსარგებლისთვის, უპირველეს ყოვლისა, გალის რეგიონის მაცხოვრებლების აკრძალულია. აფხაზეთის დე ფაქტო და რუსეთის უშიშროების სამსახურები ადგილობრივ მაცხოვრებლებს ჩხრეკენ იმის გამოსარიცხად, რომ მათ ამ სატვირთო მანქანების მოძრაობა ფოტო და ვიდეო მასალაზე არ აღუბეჭდავთ"- ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამის, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენთან დავით ხიდაშელთან შეხვედრის და მათი საუბრის დეტალების ქართულ მედიაში გახმაურებამ, კიდევ ერთხელ წამოწია საკითხი, თუ რა მიზნებს ემსახურება საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთიდან თუ რუსეთის მიმართულებით ტვირთის მოძრაობაზე თვალის დახუჭვა.

"ქართული ოცნების მესვეურებმა შეიძლება ეს ნეგატიური ტენდენცია რუსეთთან ტვირთბრუნვის გაზრდის გზით საქართველოს ეკონომიკის აღმავლობად, ანდა სულაც აფხაზეთის საქართველოში ინტეგრირების პოლიტიკად წარმოაჩინონ. თუმცა, საღი აზრი მოითხოვს იმის გათვალისწინებას, რამდენად მოწადინებულია რუსეთი და მით უფრო მისი სატელიტი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა საქართველოს ინტერესებით იხელმძღვანელონ?

ცხადია, აქ ერთადერთი ლოგიკური დასკვნა ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა რუსეთთან თანამშრომლობისას მხოლოდ თავისი ვიწრო ინტერესებით ხელმძღვანელობს. ამ კონტექსტში, რიტორიკული კითხვა ჩნდება, რამდენად განსხვავდება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მის მიერ რუსეთის მარიონეტულ რეჟიმად მონათლული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან?" - აცხადებენ ორგანიზაციაში.


close დახურვა