დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის წევრების ძალისმიერი მეთოდებით დარბევის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
DRI-ს საგანგაშოდ მიაჩნია, რომ სამართალდამცავები აქციის რამდენიმე მონაწილეს, მათ შორის ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და აღნიშნავენ, რომ "პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცავები თავად უქმნიდნენ საფრთხეს ადამიანთა ჯანმრთელობას."
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ადამიანებს შორის, რომლებიც სამართალდამცავებმა დააკავეს, არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო, რომლებიც პროტესტს სწორედ ამგვარი ფორმით გამოხატავდნენ.
"16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე. საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს კვლავ ძალისმიერი მეთოდებით დაუპირისპირდა.
მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად, არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დაახლოებით, 22:00 საათისთვის დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აქტიური სპეციალური საშუალებების, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის გამოყენება. მოგვიანებით, 00:30 საათისთვის, შსს-მ წიწაკის სპრეი კვლავ გამოიყენა გაუფრთხილებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პროტესტის დროს სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს ლეგიტიმურობისა და პროპორციულობის ტესტს. სამართალდამცავების მხრიდან იძულების ღონისძიებების, მათ შორის, აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია კანონიერი მიზნის მისაღწევად, უკიდურესი აუცილებლობის დროს, მხოლოდ მაშინ, როდესაც აქცია იღებს ძალადობრივ ხასიათს.
საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის რამდენიმე მონაწილეს, მათ შორის, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს. სამართალდამცავის უმთავრესი ვალდებულება მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვაა. სამწუხაროდ, დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცავები თავად უქმნიდნენ საფრთხეს ადამიანთა ჯანმრთელობას.
სამართალდამცავების მხრიდან სპეციალური საშუალებების უკანონოდ გამოყენებასა და აქციის მონაწილეთა ფიზიკურ შეურაცხყოფას თან ერთოდა ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტებიც. ამ დროისთვის, 10-ზე მეტი ადამიანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზეა დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას და განახორციელეს ძალადობრივი ქმედებები.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთმანეთისაგან მიჯნავს აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც მიმართავენ ძალადობას და მეორე მხრივ, დემონსტრანტებს, რომლებიც პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ.[1] მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეო-მასალით და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტია, რომლებიც აქციაზე პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ", - წერია განცხადებაში.
DRI შსს-ს მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს აქციის მშვიდობიანად ჩატარება და არ შეუშალოს ხელი მის მონაწილეებს თავიანთი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობაში.
ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტების გამოძიებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანების კანონიერების შემოწმებისკენ მოუწოდებს.