დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) 2020 წლის 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებულ 40 აქციასა და შეკრება/მანიფესტაციებზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სამ სასამართლო პროცესის დაკვირვების შედეგს აქვეყნებს და აცხადებს, რომ გასულ წლებთან შედარებით, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხი გაუარესდა.
DRI-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები და საპარლამენტო კონტროლის შესუსტება, ასევე, ხელისუფლების მიერ შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ჩარჩოს უგულებელყოფა.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებამ და მიმდინარე მოვლენების სამართლებრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ გასულ წლებთან შედარებით, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხი გაუარესდა. არსებული პრობლემების პასუხად, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პოლიტიკურ სპექტრს არჩევნების დღემდე თავყრილობების სრული თავისუფლება მისცა და კორონა ვირუსის გავრცელებაზე პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა მას დააკისრა", - ნათქვამია განცხადებაში.
DRI-ში აცხადებენ, რომ თავის მხრივ, ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ ფაქტობრივად უარი თქვა საკანონმდებლო და ზედამხედველობითი ფუნქციების განხორციელებაზე და 2020 წლის მაისის საკანონმდებლო ცვლილებებით, საკუთარი უფლებამოსილების ნაწილი სამთავრობო სტრუქტურებს გადასცა, რითაც საზოგადოებას წაართვა
"მეორე მხრივ, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა მრავალრიცხოვანი აქციების მიმდინარეობისას შეკრების მონაწილეთა მხრიდან კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ აქციის ორგანიზატორების მხრიდან ხშირ შემთხვევაში მიღებული იყო ვირუსის პრევენციისათვის აუცილებელი ზომები, მრავალრიცხოვანი აქციების შემთხვევაში, არ იყო დაცული ფიზიკური დისტანცია და ხშირად აქციის მონაწილეებს არასწორად ეკეთათ პირბადეები", - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ როგორც დაკვირვებამ აჩვენა, ხშირ შემთხვევაში სამართალდამცველები შეკრების მონაწილეთა ქმედებებზე შერჩევითი სამართლიანობის პრინციპით რეაგირებდნენ.
"ჩვენს მიერ განხორციელებულმა სასამართლო სხდომების მონიტორინგმა ცხადყო, რომ სასამართლოში შეკრებისა და მანიფესტაციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების უფლებათა დაცვის სტანდარტმა მნიშვნელოვნად დაიწია. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სასამართლომ დაკავებული პირები სამართალდარღვევებად მხოლოდ პატრულ-ინსპექტორთა არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებათა საფუძველზე ცნო", - აცხადებენ DRI-ში.