logo
ENG



DRI: მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს შეისწავლონ რადიკალური ექსტრემისტი ჯგუფების აქტივობები

11 ნოე 201917:32
3 წუთის საკითხავი
 
c3npmfocyadgn7f.png

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) კინოთეატრ "ამირანთან” მიმდინარე აქციის  მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. ინსტიტუტის  მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებიდან ირკვევა, რომ აქციას ჰომოფობიური ხასიათი ქონდა; მაყურებლებს კი შეექმნათ დაბრკოლებები - თავდაპირველ ეტაპზე, ფილმის მაყურებლისთვის გართულებული იყო კინოთეტრში შესვლა, ჰომოფობიური აქციის მონაწილეთაგან მაყურებელს კინოთეატრ „ამირანში“ შესვლა და დატოვება აქციის მონაწილეების აგრესიული შეძახილებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე უხდებოდა.

"აქცია იყო ძალადობრივი ხასიათის - კინოთეატრში შეჭრის მიზნით, დემონსტრანტები სხვადასხვა საგნებსა და პიროტექნიკას ისროდნენ და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. დემონსტრანტების მიერ ნასროლი პიროტექნიკით დაშავდა ერთი სამართალდამცავი. ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს “რესპუბლიკური პარტიის“ წევრ დავით ბერძენიშვილს, ფიზიკური დაზიანება მიიღო სამოქალაქო აქტივისტმა ანა სუბელიანმა. აქციაზე აქტიურობდნენ სასულიერო პირები, რომლებიც პოლიციელებს მოუწოდებდნენ არ დაეცვათ “გარყვნილების პროპაგანდის მხარდამჭერები,"- ნათქვამია ანგარიშში.

ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ 9 და 10 ნოემბრერ პროტესტი გაგრძელდა, თუმცა ძირითადად ექსცესების გარეშე ჩაიარა. არსბეული მდგომარეობის ფონზე, DRI საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურს და  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:

"უზრუნველყონ მკაცრი და სამართლიანი მიდგომა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩამდენ პირთა მიმართ;

აქციაზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება წარიმართოს შემჭიდროვებულ ვადებში; 

შეისწავლონ და გაანალიზონ რადიკალური ექსტრემისტი ჯგუფების აქტივობები;

აღნიშნულ ანალიზზე დაყრდნობით მოხდეს ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის პროგრამის შექმნა აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების დანარჩენი ნაწილის ჩართულობით," - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა