დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმაც არ შეუსრულებია - მე-8 რეკომენდაცია მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას და ძალადობის ფაქტებზე ეფექტიან რეაგირებას გულისხმობს.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ევროკომისია მე-8 რეკომენდაციაში არაორაზროვნად უთითებს მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილი ძალადობის ორგანიზატორების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობის შესახებ. მათი თქმით, ეს რეკომენდაცია ევროკომისიამ 7 სექტემბერს კიდევ ერთხელ დააზუსტა და ხაზგასმით მოითხოვა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემა.
"მიუხედავად ამისა, გეგმაში, რომელიც ქართულმა ოცნებამ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად წარმოადგინა, მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილი ძალადობის ორგანიზატორების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მისაცემად გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ არაფერია მითითებული.
გეგმა მხოლოდ "ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ" ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ვალდებულებით შემოიფარგლება, რაც ავიწროებს ევროკომისიის რეკომენდაციას და სრულად არ შეესაბამება მის სულისკვეთებასა და შინაარსს", - აცხადებენ DRI-ში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მმართველი პარტიის მიერ საკუთარი გეგმის შესრულების პროგრესის განსასაზღვრად, საქართველოს პარლამენტს მიმართა. მათი განცხადებით, პასუხად გეგმის შესასრულებლად "აქტიურად მუშაობის" დასტური და "ახლო მომავალში" უფრო კონკრეტული ინფორმაციის მიღების დაპირება მიიღეს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ დრომდე ღია წყაროებში არ იძებნება ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციის შესრულების კუთხით საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია.