logo
ENG



DRI: წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი

09 ნოე 202010:28
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/09/8psm1xwgls3m2z8.jpg

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ცესკო-სთან გამართულ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ დემონსტრანტების მიმართ შსს-ს მიერ შეუსაბამოდ დიდი ოდენობის სპეციალური დანიშნულების ძალების მობილიზაცია მოხდა და მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი და შეკრების არაძალადობრივი ხასიათიდან, ასევე,მომიტინგეთა რიცხოვნებიდან გამომდინარე, უკანონო, დაუსაბუთებელი და ცალსახად არაპროპორციული იყო. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განმარტავს, რომ "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ცრემლსადენი გაზი და წყალსატყორცნი არის აქტიური სპეციალური საშუალება.

"წყალსატყორცნი გამოიყენება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფურად თავდასხმის მოსაგერიებლად. ცრემლსადენი გაზი გამოიყენება პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით. პოლიციას ეკისრება აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გაფრთხილებისა და კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად დემონსტრანტებისთვის გონივრული ვადის განსაზღვრის ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლების, ასევე, მედია საშუალებების მეშვეობით გადმოცემულ მასალებში, არ იკვეთებოდა რომელიმე სპეციალური საშუალების გამოყენების საჭიროება. გარდა ამისა, სამართალდამცავებმა აღნიშნული ღონისძიებები საწყის ეტაპზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე განახორციელეს", - ნათქვამია განცხადებაში. 

 NGO-ში აცხადებენ, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა.

"ხსენებულ შემთხვევაში, დემონსტრანტებს კანონის აღნიშნული მოთხოვნა არ დაურღვევიათ. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია მშვიდობიანი ხასიათის იყო, პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების გაფრთხილება დაშლის და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო მშვიდობის დასამყარებლად" ვერ შექმნიდა სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერ საფუძველს", - ნათქვამია განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ განცხადებას აქციის დაშლის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული აღიქმება პირდაპირ მითითებად არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. გარდა ამისა,  დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა ზომა სიტუაციის განსამუხტად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოსაქცევად. აგრეთვე,  დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე.

DRI ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდებს, რომ იმოქმედონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით და მოერიდონ კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს. 

ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტები თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ. მშვიდობიან მომიტინგეებს საარჩევნო კომისიის შენობასთან სპეციალური დანიშნულების მრავალრიცხოვანი რაზმი დახვდა. სამართალდამცველებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მომიტინგეების ნაწილს წყლის ჭავლი მიუშვირეს, რის შედეგადაც აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. 

პოლიტიკური ლიდერებისა და პარლამენტის აქციიდან მომავალი დანარჩენი მომიტინგეების ადგილზე მისვლის შემდეგ კი, სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს. მომიტინგეებთან ერთად დაშავდნენ სხვადასხვა ტელევიზიის, მათ შორის, ფორმულას ჟურნალისტებიც. 

თვითმხილველების მტკიცებით, სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, თუმცა შსს-ში ინფორმაციას უარყოფენ. 

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტების მხრიდან "მყისიერი თავდასხმა" ხორციელდებოდა, ამიტომ, მისი თქმით, წყლის ჭავლის გამოყენებამდე მომიტინგეთა გაფრთხილებას სამართალდამცველები ვერ მოასწრებდნენ. 

მდინარაძის შეფასების საწინააღმდეგოდ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე ძალის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. მისი თქმით, ცივ კლიმატურ პირობებში მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის მიშვება ძალიან სასტიკი ზომაა. 

დარბეულ ოპოზიციას მკაცრად დასჯით დაემუქრა პარლამენტის ყოფილი თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები შტურმის მოწყობას ცდილობდნენ. 

"შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს", - განაცხადა კობახიძემ მომიტინგეთა დარბევის პარალელურად გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. 

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის წინ დღეს, 9 ნოემბერს 18:00 საათზე აქციას გამართავს. ისინი ცესკო-სთან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას გააპროტესტებენ. გარდა ამისა, კვლავ გააჟღერებენ 3 მთავარ მოთხოვნას - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, გადადგეს თამარ ჟვანია და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. 

აღსანიშნავია, რომ დღეიდან, 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. 


close დახურვა