ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ "ყველა დროის ყველაზე მასშტაბურ" სანქციების რეჟიმს ამზადებს. ევროკავშირის მაღალჩინოსნის განცხადებით აღნიშნული ზომების შესახებ EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს 20 მაისს დაგეგმილ სხდომაზე გამოცხადდება.
როგორც DW წერს, რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდველი ზომების 4 რეჟიმი დამტკიცდება: უკრაინაში ომისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ჰიბრიდული ომისა და ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის.
ირკვევა, რომ ევროკავშირი შეიმუშავებს 130-ზე მეტ ინდივიდუალურ სანქციას, რომლებიც მიმართული იქნება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, "ჩრდილოვანი ფლოტისა" და თანამზრახველების, ასევე მესამე ქვეყნებიდან რუსეთში სანქცირებული საქონლის მიმწოდებლების, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმები შემდეგ სახეს მიიღებს:
- კრემლის წინააღმდეგ შემზღუდველი ქმედებების მე-17 პაკეტის ფარგლებში, სიებს 75 ახალი იურიდიული და ფიზიკური პირი, ასევე "ჩრდილოვანი ფლოტის" 200 გემი დაემატება.
- ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების სიას რუსეთიდან კიდევ 28 ფიზიკური და იურიდიული პირი დაემატება.
- ჰიბრიდულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მიერ შემოღებული იქნება სექტორული ზომები, ასევე ინდივიდუალური სანქციები რუსეთის ფედერაციაში 27 ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ.
- გარდა ამისა, ევროკავშირის წარმომადგენელმა ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის სანქციების დაწესების შესახებ. მისი თქმით, საუბარია მასობრივი არეულობების ჩასახშობად გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებზე, რომლებსაც რუსული მხარე უკრაინაში ომის წარმოების ერთ-ერთ საშუალებად ხმარობს.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, 16 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ EU უკვე ამზადებს ახალ ფართომასშტაბიან სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
