ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე, რომელშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი, ხოლო ახლა უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე, გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა.
საქმეს ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავდა, დღეს კი საკონსტიტუციოს მოსამართლეა და რუსული კანონის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს.
საუბარია 2016 წელს, გონიოს სანაპიროზე მომხდარ ინციდენტზე. მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის თქმით, მოსამართლე მიქაუტაძემ მასსა და მის 13 წლის შვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მეორე მხრივ კი, მიქაუტაძე ჩიოდა, რომ ის თავად გახდა თავდასხმის სამიზნე ხაჭაპურიძისა და მისი ოჯახის მხრიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება იმავე დღეს ბავშვის ცემის საქმეზე დაიწყო, თუმცა მუხლი მაშინვე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაგრძელდა. 2016 წლის 27 აგვისტოს, არასრულწლოვანი ბავშვის მშობლები, თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე დააკავეს.
ხაჩიძე მეორე დღესვე, ხოლო ხაჭაპურიძე 2016 წლის 21 სექტემბრამდე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდა, მას კი მოსამართლე ხვიჩა კიკალიშვილი განიხილავდა.
2018 წლის 23 ივლისს კიკილაშვილმა ორივე განმცხადებელი - ხაჩიძე და ხაჭაპურიძე დამნაშავედ ცნო ხულიგნობაში და მათ 3000 და 2500-ლარიანი გადახდა დააკისრა.
დღეს, 29 აგვისტოს ECHR-მა დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლოების შესახებ, ასევე, ბრალდებულთა უფლებები.
როგორც TV პირველთან სატელეფონო ინტერვიუში თამარ ხაჭაპურიძე აცხადებს, დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ მისი ოჯახი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რეპრესიის მსხვერპლი იყო.
"დადასტურდა ის, რომ ადგილი ჰქონდა ჩემი ოჯახის მიმართ რეპრესიებს 2016 წელს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, როცა მას სასამართლომ დააკისრა 5000 ევრო საქართველოს ჩვენთვის გადასახდელი. მოგვიგზავნეს ზონდერ-მოსამართლე, გიორგი მიქაუტაძე, გამოიწვია ინციდენტი, შემაგინა სანაპიროზე იმისთვის, რომ კონფლიქტი დაწყებულიყო. ფიზიკური დაპირისპირება იყო და მუშტი დაარტყა კბილებში და ტუჩი გაუსკდა და სისხლი მოსდიოდა ბავშვს. ცხადია, დედა ვარ და გარკვეული სიტყვები ვთქვი, რაზეც შემდეგ დამაბრალეს, რომ მოსამართლეს ვემუქრებოდი.
მიმდინარეობდა ჩემთან ვაჭრობა იმ თემაზე, რომ თუ გვინდოდა, ეს 10-წლიანი მუხლი სისრულეში არ მოეყვანათ, ამისთვის უნდა გავჩუმებულიყავი და გამიფორმებდნენ 5-წლიან საპროცესოს. პარალელურად, უნდა გავჩუმებულიყავი ყველაფერზე და ასევე, პროკურორი ითხოვდა, რომ ბოდიში მომეხადა ტელევიზიიდან მთელი საქართველოს წინაშე", - ამბობს TV პირველთან ხაჭაპურიძე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტის, გურო იმნაძის შეფასებით, ნიშანდობლივია, რომ საქმის ფიგურანტი კლანის გავლენიანი წევრი, გიორგი მიქაუტაძეა, ხოლო საქმეს განიხილავდა მოსამართლე, რომელიც დღეს რუსული კანონის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს.
"ამ საქმეში, გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა არის პრობლემური საკითხი, ნიშანდობლივია ის, რომ ერთ-ერთი ფიგურანტი არის სასამართლოში არის კლანის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი, გიორგი მიქაუტაძე და სწორედ მასთან ფიზიკური დაპირისპირების ინციდენტს შეეხებოდა ეს საქმე, რომელზეც განმცხადებლებმა მიიჩნიეს, რომ ადგილობრივ დონეზე ვერ მიაღწიეს სამართალს. ნიშანდობლივია ისიც, რომ სასამრთლომ ჩათვალა, რომ ქართული სასამართლოები არასაკმარისი გულისყურით მოეკიდნენ საქმეს, არ გამოძიეს ბოლომდე სრულყოფილად ყველაფერი", - აცხადებს იმნაძე.