თანასწორობის მოძრაობა თბილისის ქუჩებში მიმდინარე პუტინისტურ ჰომოფობიურ აქციებს ეხმაურება და სამწუხაროს უწოდებს ფაქტს, რომ მოძალადე ჯგუფებს საშუალება ეძლევათ ღიად და დაუფარავად შეუშალონ ხელი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
თანასწორობის მოძრაობა მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაატაროს პრევენციული და რეაგირების ღონისძიებები, დაიცვას ლგბტქი ადამიანების და მოქალაქეების უსაფრთხოება.
"ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში პუტინისტურ მოძალადე ჯგუფებს საშუალება ეძლევათ ღიად და დაუფარავად შეუშალონ ხელი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, საჯაროდ იძალადონ ადამიანებზე და შებღალონ პოლიტიკური მნიშვნელობის სიმბოლოები. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ დაუშვას 2021 წლის 5 ივლისის ორგანიზებული ძალადობის გამეორება. მოხარული ვართ, რომ Tbilisi Pride-ის კვირეული წარმატებით ჩატარდა და იმედს გამოვთქვათ, რომ დღევანდელი ღონისძიებაც უსაფრთხოდ ჩაივლის", - წერია განცხადებაში.
***
2 ივლისს, გამთენიისას მთაწმინდაზე შსს-მ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის 26 წევრი დააკავა. მათ შორის ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და მამა-შვილი ფალავანდიშვილები.
ისინი Tbilisi Pride-ის დახურულ ღონისძიებას - ფესტივალს ეწინააღმდეგებიან და მისი ჩაშლა სურთ. სწორედ ამ საბაბით იყვნენ შეკრებილები დაკავების დროსაც.
გარდა ჰომოფობიური მოტივისა, სავარაუდოდ, მოძალადე ჯგუფების დღევანდელი ქმედებები 3 ივლისს დაგეგმილ პროევროპულ აქციას უკავშირდება და ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული, ისევე, როგორც მიმდინარე კვირას რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე მომხდარი ორგანიზებული ძალადობა საჯარო მოხელეების მონაწილეობით.
დღეს რუსთაველზე გამოსულმა მოძალადეებმა თქვეს, რომ "თავიანთი ბიჭების გამოსვლას კიდევ ნახევარ საათს დაელოდებიან".
პარლამენტის წინ შეკრებილი მოძალადეების ნაწილი ადგილზე გვიანობამდე დარჩენას გეგმავს, მათი თქმით, "პრევენციის მიზნით", რომ პრაიდის კვირეულის ღონისძიებამ რუსთაველზე არ გადმოინაცვლონ. თუმცა, მსგავსი რამ დაგეგმილი არ არის. Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელებმა მსვლელობის ჩატარებაზე უარი 2021 წლის 5 ივლისის გამო თქვა. ამ დღეს დილის 09:00 საათიდან ძალადობრივი ჯგუფები, ჰომოფობიური და სხვა საფუძვლებით, ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს და რიგით მოქალაქეებს, შესაბამისად, 18:00 საათზე დანიშნული მარში აღარ ჩატარდა.
2021 წელს ძალადობა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წაახალისა და მთელი პასუხისმგებლობა ლგბტქ უფლებადამცველ ორგანიზაციას დააკისრა, პოლიცია კი ადგილზე ძალიან მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.
ძალადობრივმა ჯგუფებმა დღეს ევროკავშირის დროშა დაწვეს და წარმომადგენლობის ოფისს კვერცხი ესროლეს.