ანტიკრიზიულ გეგმის მიხედვით, დახმარებას ვერ მიიღებენ დევნილები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები. არასამთავრობო ორგანიზაციების სხვადასხვა კვლევები კი მოწმობს, რომ ისინი კვლავ მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ ეს ჯგუფი პანდემიის პირობებში განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭოროებს.
როგორც EMC-ის იურისტი თეონა ფირანიშვილი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებას დევნილი სტუდენტების დასახმარებლად რეალური ნაბიჯი არ გადაუდგამს.
„ჩვენ ვერ ვხედავთ დევნილებს რა დახმარება შეიძლება გაეწიოს - კონკრეტული რესურსები თუ არის მათთვის. ასევე არა ერთი სტუდენტი მოგვმართავს გალიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომლებიც თბილისში არიან. ისინი ქირის საფასურსაც ვერ იხდიან და შეიძლება საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართეთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ მოიძიეს ინფორმაცია ამ სტუდენტებზე, მაგრამ რეალურად, არაფერი ნაბიჯი არ გადადგმულა, რომ სოციალური დახმარება გაეწიოთ“, - განაცხადა ფირანიშვილმა.
„ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ წარმომადგენლის ელიკო ბენდელიანის თქმით კი, დევნილთა უმეტესობა დღემდე ქირით ცხოვრობს.
„სამწუხაროდ, დევნილებისა და არა დევნილების მდგომარეობა არ არის სასტარტო. მათ დამატებით სჭირდებათ გარკვეული დახმარება. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ დევნილთა უმრავლესობა დღემდე ცხოვრობს ქირით. დამატებით ამათ ემატება ის ადამიანები ვისაც აქვს დევნილის სტატუსი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ეს კიდევ ცალკე თემაა. ეს ადამიანები თითქმის ვერც ერთ კატეგორიაში ვერ ვხვდებიან“, - განაცხადა ბენდელიანმა.