ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი „Facebook“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ თეთრიწყაროს მოსახლეობა ბაზისური სამედიცინო საშუალებების გარეშეა დარჩენილი.
განცხადების მიხედვით, მოსახლეობის მდგომარეობა ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა. მუნიციპალიტეტში, მხოლოდ ორი ინფრასტრუქტურულად აშკარად გაუმართავი აფთიაქი და ერთი საავადმყოფო ფუნქციონირებს.
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ბაზისური სამედიცინო საშუალებებისა და რესურსების გარეშეა დარჩენილი. მათი მდგომარეობა, კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც Covid 19 ვირუსის შემთხვევების ზრდის გამო, მთავრობამ მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
მუნიციპალიტეტში, სადაც 20 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მხოლოდ ორი ინფრასტრუქტურულად აშკარად გაუმართავი აფთიაქი და ერთი საავადმყოფო ფუნქციონირებს, სადაც მხოლოდ ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. შექმნილი ვითარება საგანგაშოა და ღიად მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის არაეფექტიან მუშაობაზე.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სწრაფი და ეფექტიანი სამედიცინო მომსახურეობის მიწოდების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, მთავრობამ გაითვალისწინოს პანდემიის პირობებში გამოვლენილი პრობლემები და გამოყოს შესაბამისი რესურსები მუნიციპალიტეტში გამართული სამედიცინო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. მოსახლეობის სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის სწრაფი და შეთანხმებული მუშაობა“, - წერია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.