logo
ENG



EMC: დაუშვებელია ჰესების ფორსირებულ რეჟიმში მშენებლობა

11 მაი 202016:09
3 წუთის საკითხავი
 
0l344hmqe7o1np7.jpg

ადამიანთა უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი განცხადებას აქვეყნებს რაჭაში მიმდინარე ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეაჩეროს ჰიდრორესურსების ათვისების აგრესიული პოლიტიკა. 

EMC-ში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არ უნდა გამოიყენოს შექმნილი კრიზისული ვითარება ამ პრობლემური პოლიტიკის დაჩქარებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, 2019 წლის თებერვლის მონაცემებით, ინვესტორებთან 200-მდე ურთიერთგაგების მემორანდუმია გაფორმებული, ხოლო მუშაობა 120-მდე ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე მიმდინარეობს, სამწუხაროდ, სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია ენერგეტიკის, მათ შორის ჰიდროენერგეტიკის, განვითარების სტრატეგია ან/და გეგმა, რომელიც სისტემურად, ერთიანობაში განსაზღვრავდა ქვეყნის ჰიდრორესურსების განვითარების ხედვებსა და შესაბამის სტანდარტებს. ამის გამო, ჰიდრორესურსების ათვისების ყველა მცდელობა ფრაგმენტულია და არ არის გამოკვლეული ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული თუ სხვა სახის საჭიროებების კონტექსტში.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,არ გამოიყენონ შექმნილი კრიზისული ვითარება ჰიდრელექტრორესურსების მაქსიმალური ათვისების ხარვეზიანი პოლიტიკის ფორსირებისთვის. გარდა ამისა, შეიმუშავონ განახლებადი ენერგეტიკის, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკის განვითარების სისტემური მიდგომა და სტრატეგია; აღმოფხვრან ჰესების მშენებლობის დაგეგმვისა და კომპანიებთან წინასწარი შეთანხმების გაუმართავი და გაუმჭვირვალე პრაქტიკა; უზრუნველყონ ჰესების მშენებლობის პროექტების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული პირების სათანადო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; უზრუნველყონ ჰესების პროექტების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის უფლებების დაცვა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რაჭაში, მდინარე რიონზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ გახდა ცნობილი - ამ ფაქტს ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოს დამცველები და არასამთავრობო სექტორი აკრიტიკებს. როგორც ისინი აცხადებენ, ჰეს-ის მშენებლობა ადგილობრივ მიკროკლიმატზე უარყოფით გავლენას მოახდენს.


close დახურვა