logo
ENG



EMC: მთავრობა ისევ კონტროლის ტექნიკით ცდილობს რელიგიურ ორგანიზაციებთან კომუნიკაციას

18 დეკ 202012:58
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/18/ehcqva6fv6biawn.jpg

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი კრიტიკულად აფასებს მთავრობის მიერ არადომინანტური რელიგიური ორგანიზაციებისგან სასულიერო პირებისა და მრევლის სიების მოთხოვნას. 

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ფაქტობრივად აიძულებს ადამიანებს გაამჟღავნონ საკუთარი რელიგიური კუთვნილება. მათივე თქით, სახელმწიფო მოიპოვებს წვდომას სასულიერო პირების და მრევლის რაოდენობაზე, მათ საცხოვრებელზე.

"იმ ვითარებაში, როდესაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართ რელიგიური ორგანიზაციების და თემების ნდობა ძალიან დაბალია და ის უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებულ უწყებად განიხილება, პრობლემურია, რომ მთავრობა ისევ კონტროლის ტექნიკით და მეთოდებით ცდილობს რელიგიურ ორგანიზაციებთან კომუნიკაციას და მათ ავტონომიაში ჩარევას", - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების ორთვიანი გეგმის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. გამონაკლის შემთხვევად დადგინდა ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვარი.

აღნიშნული რეგულაციის დადგენას თან ახლდა საკმაოდ პრობლემური განმარტება, რომ საგამონაკლისო შემთხვევები დაწესდა იმ მიზეზით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია. მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება რელიგიურმა ორგანიზაციებმა დისკრიმინაციულად მიიჩნიეს. მთავრობის გადაწყვეტილება დისკრიმინაციულად შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

კრიტიკული გამოხმაურების ფონზე, საქართველოს მთავრობამ გარკვეულწილად შეცვალა გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა რელიგიური დენომინაციის წარმომადგენლისთვის ამ პერიოდში დაგეგმილი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას, თუმცა ამ პერიოდში გადაადგილების უფლების მისაღებად მათ დასჭირდებათ სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში სასულიერო პირების და მრევლის რეგისტრაცია გადაადგილების ერთჯერადი ნებართვის მისაღებად.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ფაქტობრივად შეარბილა მანამდე არსებული რეგულაცია და შექმნა პრაქტიკული მექანიზმი, ეს შეზღუდვა ასევე შეიცავს უფლების დარღვევის რისკებს. კერძოდ, ის საკუთარი რელიგიური კუთვნილების გამჟღავნებას აიძულებს ადამიანებს და მათ პირად ავტონომიაში ჩარევის რისკებს ქმნის.

გასათვალისწინებელია, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მანამდეც ჰქონდა მცდელობა დაემუშავებინა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა პერსონალური მონაცემები, რაც რელიგიური ორგანიზაციების მიერ აღქმულ იქნა როგორც მათი კონტროლის მცდელობა. არსებობს რისკი, რომ სააგენტომ ისარგებლოს პანდემიის ვითარებაში გადაადგილების ადმინისტრირების საჭიროებით და ახლა სწორედ ამ საფუძვლით ცდილობს მიიღოს ინფორმაცია, რომლის გაცემაზეც მას თავის დროზე უარი განუცხადეს რელიგიურმა ორგანიზაციებმა.

მნიშვნელოვანია, მთავრობამ დაიცვას საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სეკურალიზმისა და თანასწორობის პრინციპები და არ გამოიყენოს პანდემიის ვითარება რელიგიური ორგანიზაციებზე კონტროლის მოსაპოვებლად. ამასთან არსებითია საქართველოს მთავრობამ არადომინანტურ რელიგიურ ორგანიზაციებს არა ერთჯერადი მისადაგების წესით მისცეს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, არამედ მათი საჭიროებები და ინტერესები იმთავითვე პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში გაითვალისწინოს და აღიაროს". - წერია EMC-ის განცხადებაში.


close დახურვა