logo
ENG



EMC: სანაიაზე ძალადობა ჟურნალისტების მიმართ აგრესიული საჯარო რიტორიკის შედეგია

25 თებ 202113:35
3 წუთის საკითხავი
 
EMC: სანაიაზე ძალადობა ჟურნალისტების მიმართ აგრესიული საჯარო რიტორიკის შედეგია

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება და მომხდარს პოლიტიკურ პოლარიზებასა და მედიამუშაკების მიმართ აგრესიულ რიტორიკას უკავშირებს. 

ორგანიზაციაში საუბრობენ იმ გამოუძიებელ საქმეებზე, როცა თავდასხმის ობიექტები ჟურნალისტები იყვნენ - მათი თქმით, მსგავსი პრეცედენტები ახალისებს ძალადობას.

„ჩვენი აზრით, მსგავსი შემთხვევები პოლიტიკური გარემოს პოლარიზების, ოპონენტების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების და ჟურნალისტების მიმართ აგრესიული საჯარო რიტორიკის შედეგია, რომელიც ძალადობის და დაპირისპირების რისკებს მიკრო-სოციალურ დონეებზეც აჩენს და არაუსაფრთხო და მტრულ გარემოს ქმნის პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია აქტორებისთვის.

ცალკე უნდა გაესვას ხაზი ჟურნალისტებზე თავდასხმის სხვა შემთხვევებზე არაეფექტიანი გამოძიების პრობლემას.მაგალითად, ათეულობით ჟურნალისტის დაზიანებას 2019 წლის 20 ივნისს, რომელიც ამ დრომდე არ არის გამოძიებული. რაც მთლიანობაში ახალისებს დაუსჯელობის გარემოს და ქმნის მტრულ საინფორმაციო და სოციალურ კლიმატს", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, „გამოძიება გაჭიანურების გარეშე წარმართოს და კვალიფიკაციის დროს გამოიყენოს სსკ-ის 53 პრიმა მუხლი, რომელიც კონკრეტული დანაშაულების დროს სიძულვილის მოტივის არსებობას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევს და ამგვარი სახის დანაშაულებს საგანგებო სიფრთხილითა და სიმკაცრით ებრძვის".

არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე, მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, მთავრობასა და პარლამენტის წევრებს, საჯარო განცხადებებით დაგმონ ძალადობრივი ქმედებები.

ფორმულას ტელეწამყვანს, ვახო სანაიასა და მის ოჯახს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. მომხდარს შეესწრო ტელეწამყვანის მცირეწლოვანი შვილი. შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს.

ვახო სანაია მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ რომ მას თავს დაესხნენ, როგორც მედიის წარმომადგენელს. სანაია ყვება, რომ თავდამსხმელები ნასვამები და აგრესიულები იყვნენ.


close დახურვა