ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ირაკლი შოთაძის გასაუბრების პროცესს ეხმაურება და საპროკურორო საბჭოს მოუწოდებს, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მისი კანდიდატიურას მხარი არ დაუჭირონ.
გურამ იმნაძის განმარტებით, საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს და გაასაჯაროოს წარმოდგენილი კანდიდატების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები. მისივე თქმით, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე უნდა შეირჩეს ისეთი კანდიდატი, რომელიც პოლიტიკურად ნეიტრალურია. როგორც "ფორმულასთან" საუბრისას გურამ იმნაძე აღნიშნავს, ირაკლი შოთაძე თავს არიდებდა რეზონანსულ საქმეებზე საუბარს. მას არ გაუმახვილებია ყურადღება თემირლან მაჩალიკაშვილისა და „ხორავას ქუჩაზე" მომხდარ საქმეებზე.
"ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის" მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორის თქმით, ირაკლი შოთაძის წარსული არ იძლევა მის მიმართ ნდობის საფუძველს.
"შოთაძის მიმართ ბევრი კრიტიკაა დაგროვილი, რადგან წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელობის პირობებში პროკურატურას არ ჰქონდა ნება გამოძიებულიყო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ხორავას ქუჩის საქმე",-აცხადებს გურამ იმნაძე.