logo
ENG



EMC ბოლნისსა და მარნეულზე: რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია

22 აპრ 202014:40
3 წუთის საკითხავი
 
xsi8l780dk10z3j.jpg

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)" 23 მარტს კარანტინის რეჟიმის გამოცხადების შემდეგ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შექმნილ მძიმე სოციალურ მდგომარეობას აფასებს და მუნიციპალიტეტებში შექმნილი ვითარების შესახებ მონიტორინგის შედეგების დოკუმენტს აქვეყნებს.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, EMC საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეიმუშაოს კრიზისულ ვითარებაში სოციალური მხარდაჭერის ადეკვატური პოლიტიკა და მათ შორის, უზრუნველყოს კარანტინის რეჟიმში მყოფი რეგიონების ეფექტიანი ჰუმანიტარული მხარდაჭერის პროგრამების დანერგვა.

„3 კვირის განამვლობაში EMC-ის 100-მდე ოჯახი დაუკავშირდა, დახმარების თხოვნით. მომართვების ყველაზე დიდი ნაწილი სახელმწიფოსგან ჰუმანიტარული მხარდაჭერის მიღებისა და მძიმე სოციალური საჭიროებების გადაჭრის თხოვნას უკავშირდებოდა, რაც მუნიციპალიტეტებში შექმნილ სოციალურ და ჰუმანიტარულ კრიზისზე მიუთითებს.

EMC-ს მონიტორინგის შედეგად, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შემდეგი პრობლემები ვლინდება:

  • ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ჩვენს ცხელ ხაზზე შემოსული ზარების შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურ რეჟიმში მიეწოდება EMC-ის გუნდის მიერ. 2 კვირის განმავლობაში მიღებული მოთხოვნების მონიტორინგის შემდეგ გამოჩნდა, რომ ჰუმანიტარული დახმარების 80 მოთხოვნიდან მუნიციპალიტეტის მიერ მხოლოდ 14 დაკმაყოფილდა. იმ პირობებში როცა ჰუმანიტარული დახმარების მთხოვნელთა სიაში იყვნენ ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით, ასევე მარტოხელა მოხუცები, და დღეს ისინი კვლავ ამ დახმარების მიღმა არიან დარჩენილები, გაუგებარია რა სტრატეგიით და მიდგომებით გასცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს დახმარება.

 

  • მონიტორინგით იკვეთება, რომ ბევრ სოფლში ან საერთოდ არ არის სასურსათო მაღაზია, ან იქ არსებული პროდუქტი იმდენად მწირია, რომ ვერ აკმაყოფილებს სოფლის მოსახლეობის საჭიროებას. ასევე, სოფლების ძირითად ნაწილში არ არის აფთიაქი.

 

  • კარანტინის გამოცხადების შემდეგ, მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა. ამ რეალობაში არც ადგილობრივი ხელისულფებები და არც ცენტრალური ხელისუფლება არ აღმოჩნდა მზად, სათანადოდ ეპასუხა შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახების საჭიროებებისთვის. სოციალურად დაუცველი ოჯახების სტანდარტული მხარდაჭერის გარდა, სახელმწიფოს არ დაუნიშნავს უმუშევრობის შემწეობა ან სხვა სოციალური მხარდაჭერის პროგრამები შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახებისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობების ერთჯერადი ჰუმანიტარული მხარდაჭერა კი მწირი, ფრაგმენტული და შეზუდულია. ადგილობრივ თვითმმართველობების სოციალური პოლიტიკა ქველმოქმედების ფორმას უფრო ატარებს.

 

  • მონიტორინგისას არაერთმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარებები რიგდება უსამართლოდ და ჩანს ნეპოტიზმის ნიშნები. განსაკუთრებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ჰქონდათ განცდა, რომ მერია არასათანადოდ რეაგირებს მათ მოთხოვნებზე და რესურსებსაც უსამართლოდ ანაწილებს.

 

  • არაერთმა მოქალაქემ მოგვმართა, რომ როდესაც ისინი პირდაპირ უკავშირდებიან მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ პირს საკუთარი პრობლემებით, თუმცა მისგან უხეშ და არასათანადო პასუხს იღებდნენ

 

  • EMC-ის ცხელ ხაზზე მომართეს სისეთმა ადამიანებმაც, რომლებიც მუნიციპალიტეტს გარეთ, ძირითადად თბილისში იყვნენ დასაქმებულები და საკარანტინო რეჟიმის ამოქმედებისთანავე დაკარგეს სამუშაო. გარდა ამისა, ბევრი თბილისში დასაქმებული დარჩა დედაქალაქში, სადაც უწევს იხადოს ბინის ქირაც, მაშინ როცა დღეს ყოველგვარი საარსებო საშუალების გარეშე არიან დარჩენილები. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი მათ მარნეულის და ბოლნისის ადმინისტრაციებში ამისამართებს, მათი რეგისტრაციის შესაბამისად და არანაირ დახმარებას არ უწევს. თუმცა, ეს ადამიანები ვერც მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან იღებენ დახმარებას.

 

  • მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს სასმელ წყალზე წვდომის შეზღუდულობა. სასმელი წყლის რესურსის კვლავ არარსებობის გამო მოსახლეობას უწევს მეზობელ სოფლებში არსებული წყაროებიდან მოიმარაგონ წყალი ოჯახებისთვის. ამისთვის სოფლად მაცხოვრებელი ადამიანები ერთიანდებიან და ავტომობილებით გადაადგილებიან მეზობელ სოფლებში და შესაბამისად, ვერ იცავენ იმ წესებს, რაც მანქანით გადაადგილებისთვის დაადგინა მთავრობამ. ცალკე საკითხია სოფლის წყაროზე მოსახლეობის შეკრებაც, რაც დამატებით რისკებს ქმნის.. ამ მომენტში დაფიქსირდა ადამიანების დაჯარიმების ფაქტიც შეკრების გამო.

 

  • გარდა ამისა, ენის და კომუნიკაციის პოლიტიკაში მარსებითი ხარვეზებია. ადგილობრივი თვითმმართველობის ვებ-გვერდები და ზოგიერთ შემთხვევაში სოციალური ქსელები უმცირესობების ენაზე ინფორმაციის გავრცელებას არ უზრუნველყოფენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეეთერში კი ინფორმაცია მხოლოდ ცოტა ხნით გადის.

 

  • მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს პოლიციის მხრიდან აგრესიული დაჯარიმების ფაქტები. დაჯარიმების მიზეზი რ ხშირად ისაა, რომ მოსახლეობა სათანადოდ ინფორმირებული არ არის. აღსანიშნავია, რომ ამ რთულ ვითარებაში პოლიცია ნაკლებად ცდილობდა ინფორმირების და პრევენციის როლის შესრულებას და აგრესიული დაჯარიმების პრაქტიკაზე უფრო არის გადასული. მაგალითად, არასათანადოდ მიწოდებული ინფორმაციის გამო, საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების შემდგომ, ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ფიქრობდა, რომ გამოცხადებული რეჟიმი ეხებოდა მხოლოდ მუნიციპალიტეტის ქალაქებს და სოფლებში საკარანტინო წესები არ მოქმედებდა. ამის გამო არაერთი მოქალაქე დაჯარიმდა.

ზემოთ აღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით EMC მიიჩნევს, რომ არსებითია:

  1. შექმნილი რთული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მთავრობამ შეიმუშაოს შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახების/ადამიანების შემწეობისა და ადეკვატური სოციალური მხარდაჭერის პროგრამები;
  2. მკაცრი კარანტინის რეჟიმში იზოლირებული რეგიონებისთვის, მათ შორის, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებისთვის მთავრობამ გამოყოს სათანადო ჰუმანიტრარული რესურსი ადგილობრივი თემის მწვავე სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით;
  3. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან სოფლის მეურნეობის ტვირთის გამოტანის, ჩაბარების და რეალიზების პროცესი მთავრობის მკაცრ მონიტორინგს დაექვემდებაროს და ადგილობრივი თემის კონსულტაციების გზით ეს პროცესი უფრო სამართლიანი და ადეკვატური გახდეს;
  4. მარნეულისა და ბოლნისის თვითმმართველობების სოციალური მხარდაჭერის და ჰუმანიტარული რესურსების განაწილების პროგრამები დაეფუძნოს ოჯახების სოციალური მოწყვლადობის შეფასების უფრო ფართე და სამართლიან სოციალურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს და მათი მუშაობა გახდეს უფრო ოპერატიული, პროფესიონალური და მიუკერძოებელი;
  5. მარნეულისა და ბოლნისის თვითმმართველობებმა მოახდინონ წყლის რესურსებისა და ინფრასტრუქტურის არმქონე სოფლების მომარაგება.
  6. მარნეულისა და ბოლნისის თვითმმართველობებმა უზრუნველყონ მათი ვებ-გვერდებისა და სოციალური ქსელების უმცირესობების ენებზე მართვადა პანდემიასთან, საგანგებო მდგომარეობასთან,მთავრობის პოლიტიკასთან და სოციალური პოლიტიკასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება;
  7. დაწესებული შეზღუდვების და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მარნეულისა და ბოლნისის თვითმმართველობებმა გაიაზრონ მოსახლეობასთან რეგულარული კომუნიკაციისა და მათი საჭიროებების, წუხილებისა და ინტერესების დემოკრატიული გზებით მოსმენისა და გათვალისწინების მნიშვნელობა;
  8. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაიაზროს პოლიციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის მნიშვნელობა და საგანგებო მდგომარეობისა და გაზრდილი პასუხისმგებლობების მიუხედავად თემზე ორიენტირებული პოლიციის მიდგომებით იმუშავოს;
  9. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინოს კარანტინის რეჟიმში მყოფი სოფლების მწვავე სოციალური საჭიროებები და დაჯარიმების პრაქტიკა თანაზომიერად და სოცილაურად მგრძნობიარედ გამოიყენოს;
  10. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააძლიეროს თემთან კომუნიკაციის მნიშვნელობა და ველზე მომუშავე საპოლიციო ჯგუფებში აქტიურად ჩართოს თავად უმცირესობების წარმომადგენელი პოლიციელები, რაც, მათ შორის, თემთან კომუნიკაციასთან და ნდობასთან დაკავშირებულ სირთულეებს დააზღვევს“, - ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, ბოლნისი და მარნეული 23 მარტიდან მკაცრი კარანტინის რეჟიმში არიან გადასულები, რადგან სწორედ ამ ორ მუნიციპალიტეტში დაიწყო ქვეყანაში ვირუსის პირველი შიდა გადაცემის ფაქტი. 

ამავე თემაზე: მარნეულის რამდენიმე სოფელში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სოფელ იმირის კასუმლოს და აღმამედლოს მოსახლეობა სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციაში დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვს.


close დახურვა