logo
ENG



EMC კარვების აღებაზე:ცინიკური, პოლიტიკური და სოციალური გონიერებისგან დაცლილი ნაბიჯი

31 დეკ 201913:59
3 წუთის საკითხავი
 
xkuy6x69pgw95jl.png

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 31 დეკემბერს პარლამენტის წინ ღამით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მერიის ქმედება უხეშად არღვევს აქციის მონაწილეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების უხეში და მძიმე დარღვევის ფაქტების გადაფარვის და არაღიარების კიდევ ერთი ცინიკური მცდელობაა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარლამენტის წინ სხვადასხვა ადამიანი და სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფი სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებსა და პრაქტიკას უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს. მათ შორის, თითქმის ორი წელია პარლამენტის წინ კარავი აქვს გაშლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს, რომელიც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მათი 19 წლის შვილის სიცოცხლის ხელყოფასა და ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებას აპროტესტებს. ამავე სივრცეში განთავსებულია სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ატრიბუტები, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა 20-21 ივნისს პოლიციის მხრიდან შეკრების მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების პრაქტიკისა და მას შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე მძიმე და არადემოკრატიულ პოლიტიკურ და სამართლებრივ მოვლენებს აპროტესტებს.

"როგორც ამ ეტაპზე ჩვენთვის არის ცნობილი, მალხაზ მაჩალიკაშვილს მერიამ განუმარტა, რომ მხოლოდ მცირე კარვებს აიღებდნენდა მათ ძირითად კარვებს ხელშეუხებელს დატოვებდნენ, თუმცა, მერიამ მოულოდნელაად ყველა კარავი აიღო და თანაც ისე, რომ აქციის ორგანიზატორებთან გონივრული ალტერნატივების შესახებ მოლაპარაკების რესურსი არ გამოიყენა. კარვები და სხვა სააქციო ატრიბუტიკა მერიის თანამშრომლებმა დასუფთავების მანქანებით წაიღეს და სავარაუდოდ, გადაყარეს.

"პოლიციამ შეკრების ადგილზე დააკავა სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას რამდენიმე მშვიდობიანი აქტივისტი, რომელიც მომხდარს ადგილზე აპროტესტებდა. ადგილზე მობილიზებული ათეულობით პოლიციელი შეკრების მონაწილეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდა, გზის სავალ ნაწილზე ყოველგვარი განმარტების გარეშე ყრიდა და სწორედ ამ მიწოლის და ჩოჩქოლის დროს დააკავეს რამდენიმე აქტივისტი და პროტესტის ლიდერი.

"საქართველოს კანონმდებლობით, კარვის დადგმა შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში ექცევა და იმ პირობებში, როდესაც მისი განთავსება საზოგადოებრივ წესრიგს, ტრანსპორტის გადაადგილებას ან/და სხვა საჯარო ლეგიტიმურ მიზანს არ ეწინააღმდეგება, სახელმწიფოს მისი დაცვის ვალდებულება აკისრია. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონით განმტკიცებულია შეკრების უფლება და კანონი ადგენს, რომ შეკრების მონაწილეებს აქვთ უფლება თავად აირჩიონ შეკრების ფორმა, დრო და ადგილი. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის კარვის დადგმის აკრძალვას, თუ ის ხელს არ უშლის სავალ ნაწილზე გადაადგილებას.

"მოცემულ შემთხვევაში კარვები პარლამენტის წინ ტროტუარზე იყო განთავსებული და ის რაიმე დისკომფორტს სხვა მოქალაქეებს ან საზოგადოებრივ მშვიდობას და წესრიგს არ უქმნიდა. საბავშვო საზაფხულო ატრაქციონის მაინცდამიანც შეკრების თავისუფებით სარგებლობის ადგილას გამართვა კი არ შეიძლება ჩაითვალოს სათანადო ლეგიტიმურ მიზნად. მით უფრო, რომ მერიას შეკრების ორგანიზატორებთან ჯეროვანი კომუნიკაცია და სხვა დროითი და ტერიტორიული ალტერნატივების შეთავაზება არ მოუხდენია და პირდაპირ დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები.

"ჩამოთვლილი გარემოებები შეკრების თავისუფლებაში არააუცილებელ და არაპროპორციულ ჩარევას აჩვენებს. ამ პირობებში EMC მიიჩნევს, რომ მერიის და შსს-ს მხრიდან შეკრების მონაწილეების მიმართ ამგვარი სტრატეგიების გამოყენება ადამიანის უფლებათა დარღვევის იმ მძიმე პრაქტიკის უგულებელყოფაა, სადაც სწორედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იკვეთება. იმ პირობებში, როდესაც ჩვენი საზოგადოება გლოვობს ახალგაზრდებს, რომელთა გარდაცვალებაშიც პირდაპირ ან სტრუქტურულად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იკვეთბა, დღეს სწორედ ამ საკითხებზე გამართული პროტესტის ჩაშლა და მისი გადაფარვა ბავშვთა ატრაქციონებით უკიდურესაც ცინიკური, პოლიტიკური და სოციალური გონიერებისგან და მგრძნობელობისგან დაცლილი კიდევ ერთი ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან".-აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა