ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) კარტოგრაფების საქმე შეისწავლა, რომელშიც ნათქვამია, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ ბრალდება დაუსაბუთებელია. EMC აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, შეწყდეს დევნა ბრალდებული პირების მიმართ.
EMC-სთვის საეჭვოა, ასევე გამოძიებისა და დევნის დაწყების დრო და პოლიტიკური კონტექსტი, კერძოდ, ქართული ოცნების მიერ, ამ საქმეზე წინასაარჩევნოდ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია. იურისტების შეფასებით, ეს სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მაღალ ეჭვებს აჩენს.
EMC-ის განცხადებითვე, მათ მიერ ჩატარებული საქმის მასალების დეტალური ანალიზი აჩვენებს:
- ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეში ჩანს არსებითი შინაარსის ფაქტობრივი და სამართლებრივი შეუსაბამობები და აშკარად შეუსწავლელი გარემოებები, რაც პროკურატურის მხრიდან მნიშვნელოვანი გარემოებების განზრახ უგულებელყოფის ეჭვს ბადებს;
- ორგანიზაციის იურისტებს მიაჩნიათ, რომ წარდგენილი ბრალდებები ვერ ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლის გამოყენება
EMC-ში მიუთითებენ იმ ფაქტორზე, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახელმწიფო კომისიაში დაკავებული პოზიციები და მათი მანდატი არ იძლევა უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემის, ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ მიმართული დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობას.
"ისინი სახელმწიფო კომისიის რიგითი წევრები იყვნენ, რომლებიც კოლექტიურად იღებდნენ გადაწყვეტილებას ყველა ექსპერტულ რეკომენდაციაზე. თავის მხრივ, ყველა ამ ექსპერტულ რეკომენდაციას კომისიის თავმჯდომარე სახელმწიფო მაღალ თანამდებობის პირებთან ათანხმებდა", - წერია ორგანიზაციის შეფასებაში, სადაც ასევე აღნიშნავენ, რომ კოლექტიური ორგანოს მიერ მიღებული ექსპერტული გადაწყვეტილებების გამო, 308-ე მუხლის გამოყენება არაარსებითი და დაუსაბუთებელი ჩანს.
სადავო რუკები
EMC-სთვის პრობლემური და სადავოა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მთავარი ფაქტობრივი არგუმენტებიც, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ არ გამოიყენეს და დამალეს 1936-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი.
"საქმის მასალების დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ ამ რუკის გამოყენების საკითხი სახელმწიფო კომისიამ რამდენიმე წლით ადრე განიხილა და მეცნიერული არგუმენტების გამო, საბოლოოდ უგულებელყო. ამ გარემოებებს საქმეში მელაშვილისა და ილიჩოვას გარდა, სხვა პირებიც ადასტურებენ.
სწორედ ამიტომ, პროკურატურის მტკიცება, რომ ბრალდებულ პირებს კომისიის წევრებისთვის ეს რუკა განზრახ არ წარუდგენიათ და არ განუხილავთ, უსაფუძვლოა და ხელოვნურად შექმნილი. მეტიც, საქმის მასალების მიხედვით, არც ამ რუკის გადამალვის ფაქტი დასტურდება, რადგან ჯერ კიდევ 2019 წელს, ნატალია ილიჩოვამ სახელმწიფო კომისიაში მის ნაცვლად დანიშნულ სხვა პირს იგი საქმის მასალებთან ერთად სრულად გადასცა", - წერია საქმის სამართლებრივ შეფასებაში.
ამასთან EMC აღნიშნავს, რომ პროკურატურას არ დაუნიშნავს რუკის ექსპერტიზა და 1:200 000 მასშტაბის რუკის ხარისხისა და სიზუსტის შეუფასებლად ცდილობს, შექმნას საზოგადოებაში წარმოდგენა, თითქოს რუკა ეწინააღმდეგება ბრალდებულების მიერ სამუშაო პროცესში მომზადებულ და აზერბაიჯანულ მხარესთან გაცვლილ კარტოგრაფიულ მასალას.
"პროკურატურა არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს იმ საკითხსაც, რომ თითქოს კარტოგრაფებს 1938 წელს დამტკიცებული 1:500 000 მასშტაბის რუკების მიღმა სხვა რუკის გამოყენების უფლება არ ჰქონდათ. 1996 წლის 13 ივნისის შეთანხმებით დადგინდა, რომ სამთავრობო კომისიებს დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების პრეზიდიუმის მიერ 1938 წელს დამტკიცებული 1:500 000 მასშტაბის რუკებზე ასახული სასაზღვრო ზოლით უნდა ემსჯელათ, თუმცა ამავე დროს შესაძლებელი იყო სამუშაო პროცესში სხვა დოკუმენტაციის გამოყენებაც", - წერია განცხადებაში.
EMC-ის ცნობით, კარტოგრაფების საქმის სამართლებრივ შეფასებას ისინი სასამართლო მეგობრის მოსაზრების ფორმატით გაუზიარებენ საქმის განმხილველ სასამართლოს.