ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) თქმით, თბილისის პრობაციის ბიუროს მოთხოვნა მიხაილოს მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენების თაობაზე დაუსაბუთებელი და უსამართლოა; ის ეწინააღმდეგება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნებს.
აღსანიშნავია, რომ EMC სასამართლოში მიხაილოს ინტერესებს წარმოადგენს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობა საპატიოდ თვლის შინაპატიმრობის წესის დარღვევას, თუკი ეს გამოწვეულია სამსახურებრივი, პროფესიული, სპორტულ ანდა კულტურულ საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინების გამო.
"ამ შემთხვევაში დასტურდება, რომ მიხეილ თოდუა არის მუსიკოსი, მისი საქმიანობა დაკავშირებულია DJ -ს, ხმის რეჟისორისა და არტ-დირექტორის საქმიანობასთან, უმეტესად უკრავს ან ხმის რეჟისორისა თუ არტ-დირექტორის ფუნქციას ასრულებს სხვადასხვა ღონისძიების დროს. ღონისძიებების უმეტესობა ღამის საათებში ტარდება, რის გამოც მას უწევს შინაპატიმრობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა. თუმცა, ამ დრომდე, პრობაციის ბიუროს მიერ ყველა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიჩნეოდა საპატიო გარემოებად და გაუგებარია, ამჯერად რა არგუმენტით არ ჩაეთვალა მიხაილოს საცხოვრებელ სახლში არყოფნა საპატიოდ. მიხაილოს მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელება დასტურდება დამსაქმებლების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტებით, თუმცა პრობაციის ბიუროს წარდგინებაში არ ჩანს დასაბუთება, რა არგუმენტებით ჩაითვალა ეს დოკუმენტები არასაკმარისად", - წერია განცხადებაში.
EMC-ის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავად სასჯელაღსრულების თანამშრომლების მიერ მომზადებული შეფასების დოკუმენტიც ცხადყოფს, რომ მიხაილო აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში, ცდილობს რესოციალიზაციას და სრულად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რის გამოც არაერთხელ წახალისდა სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის მიერ.
"ცალსახაა, რომ მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დაუცველობა გამოწვეულია არა თვითნებობით, მასზე დაკისრებული მოვალეობისადმი უპასუხისმგებლო, გულგრილი დამოკიდებულებით ან დადგენილი რეჟიმის დარღვევის მიზნად დასახვით, არამედ ობიექტური გარემოების არსებობით, რაც თავის მხრივ, შესაძლოა მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურებოდეს... წარდგინების დაკმაყოფილება და სასჯელის მოსახდელად კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება ბუნებრივია, ხელს შეუშლის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესს და უმძიმეს ეფექტს იქონიებს პირადად მასზე და მისი ოჯახის წევრებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
პრობაციის სამსახური ეროვნული სააგენტო შინაპატიმრობაში მყოფი მუსიკოსის საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვს. მიზეზი 17 ოქტომბერს გირჩის პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობაა, რაც პრობაციის სამსახურმა მას არასაპატიოდ ჩაუთვალა.
თავად მიხაილო ამ ფაქტს "პოლიტიკური ამბავს" უწოდებს.
მიხაილოს სასამართლო პროცესი დღეს, 11 ნოემბერს 14:00 საათზეა დანიშნული.