ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ცესკო-სთან მიმდინარე აქციას ეხმაურება და მოუწოდებს შსს-ს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საპოლიციო ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების წინააღმდეგ. როგორც EMC-ის განცხადებაშია ნათქვამი, წყლის ჭავლის გამოყენება ადგილზე მობილიზებულმა დიდი რაოდენობის სპეციალურმა ძალებმა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს.
EMC-ში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სტანდარტები შესაბამისად, ისეთი საშუალებები, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი ან წყლის ჭავლი, რომლებიც ზიანის მიყენების მაღალ საფრთხეებს წარმოშობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული, როდესაც ადგილი აქვს მასობრივ ძალადობას, თუმცა ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა სხვა საშუალებამ ვერ შეძლო ძალადობის შეკავება.
"მედია საშუალებებით გავრცელებული ვიდეომასალა აჩვენებს, რომ კანონით გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული წინაპირობები განსახილველი შეკრების შემთხვევაში არ არსებობდა. შესაბამისად, ამ პირობებში შეკრების დაშლისა და ჭარბი სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა. მით უფრო, ჭავლის გამოყენებას წინ არ უძღოდა აქციის მონაწილეთა გაფრთხილება და შესაძლებლობა, თავისუფლად დაეტოვებინათ შეკრების ადგილი. წყლის ჭავლის გამოყენებამდე პოლიციამ ასევე არ სცადა ვითარების განმუხტვა უფრო მსუბუქი საშუალებების გამოყენების გზით. აგრეთვე არგუმენტს მოკლებულია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ საპოლიციო ძალის გამოყენების წინ შეუძლებელი იყო შეკრების მონაწილეების გაფრთხილება, რადგან არ არსებობდა არანაირი მყისიერი და გადაუდებელი საფრთხე, რომლის გამოც პოლიციის მხრიდან გაფრთხილების ვალდებულების შესრულება არსებით საფრთხეს შეუქმნიდა საჯარო ინტერესებს, ან საზოგადოებრივ წესრიგს", - აცხადებენ NGO-ში.
EMC-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარ მორალურ ლეგიტიმაციას რეპრესიული პრაქტიკების უარყოფას აფუძნებდა, ბოლო წლებში თავად ქმნის მასობრივი აქციების რეპრესიული დაშლის გამოცდილებას, ხოლო ეს პრაქტიკა არსებითად აზიანებს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებს და ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და შეკრების თავისუფლების ხელყოფის მაღალ რისკებს ქმნის.
EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუშვას მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ არაპროპორციული და ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენება. გარდა ამისა, NGO მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას მიიღონ ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და არსებული პროცესების მოლაპარაკებების რეჟიმში გადაყვანის მიზნით.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისული საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც რამდენიმე მომიტინგე დაშავდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დარბევის დაწყებამდე ისინი სამართალდამცველებს არ გაუფრთხილებია.
მომიტინგეებმა ცესკოსთან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს, სადაც მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
შსს-ის განცხადებით, ცესკო-სთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება პროპორციული ზომაა.
უწყებაში აცხადებენ, რომ დემონსტრანტები ცესკო-ს შენობაში შეჭრას შეეცადნენ და ამისთვის "ძალადობრივ მეთოდებს" მიმართეს, რის გამოც, სამართალდამცველებმა "კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში პროპორციული ძალა" გამოიყენეს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მოქალაქეების დარბევის ფაქტს ეხმაურება სახალხო დამცველი და ამბობს, რომ ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას.
ცესკო-სთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოც და აცხადებს, რომ აქციაზე, სადაც ადამიანების მცირე რაოდენობა იდგა, სამართალდამცველებმა სათანადო საფუძვლისა და გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლი გამოიყენეს. TI-ში აცხადებენ, რომ პოლიციის ქმედებები, შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს.