logo
ENG



EPP: სააკაშვილის დაკავება და პოლიტიკური დევნა უფრო მეტად ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას

06 ოქტ 202114:26
3 წუთის საკითხავი
 

ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფი (epp) საქართველოში ჩატარებულ 2 ოქტომბრის არჩევნებს ეხმაურება, სადაც წერენ, რომ კიდევ უფრო შეშფოთებულები არიან ქვეყანაში არსებულ დემოკრატიისა და თავისუფლების მდგომარეობაზე.

განცხადებაში საუბარია ოპონენტების, კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე.

"საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში ხაზგასმულია დემოკრატიული სტანდარტების შემცირება, თავისუფალი და სამართლიანი გარემოს ნაკლებობა, არათანაბარი გარემო, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ძალადობა და სიძულვილის ენა.

დამატებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება და პოლიტიკური დევნა უფრო მეტად ზრდის დაძაბულობასა და პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მმართველი პარტიის წამყვანმა ფიგურებმა არატოლერანტული და პროვოკაციული განცხადებები გააკეთეს, რითად კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას საქართველოში. ეს ჩვენთვის კვლავ რჩება ღრმა შეშფოთების საგნად.

EPP მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ გააუმჯობესოს პოლიტიკური გარემო, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მეორე ტურში, შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა.

 ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მეორე ტურს სადაც დიდი ქალაქების ბედი გადაწყდება. ქართველი ხალხი უკეთეს მომავალს იმსახურებს, პოლიტიკური კონფრონტაციის დასრულებითა და კონსტრუქციული დღის წესრიგით, რაც დააჩქარებს ქვეყნის რეფორმირების პროცესს".

მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს. 

3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "სააკაშვილის გამომშვები არავინაა" და რომ "თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ". 


close დახურვა