ევროპის სახალხო პარტია (EPP), რომელსაც ევროპარლამენტში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა აქვს, ნიკა მელიას საქმის გარშემო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნები და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების აღდგენა იქნება.
"საქართველოს შეუძლია იყოს წამყვანი ქვეყანა რეგიონში, თუმცა, ამის ნაცვლად, პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და ინსტრუმენტად ქცეულ მართლმსაჯულებას უბრუნდება", - ვკითხულობთ Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, - "სიტუაციიდან გამოსავლად ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესის აღდგენა უნდა მიიჩნეოდეს".
ევროპის სახალხო პარტია ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებასაც ეხმაურება და წუხს, რომ გამოსავლისა და კომპრომისის ძიების ნაცვლად, ხელისუფლებამ პოლიტიკური კრიზისის გამწვავება გადაწყვიტა.
"დასანანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით, კომპრომისისა და გამოსავლის ძიებას პოლიტიკური კრიზისის გამწვავება არჩია", - ვკითხულობთ EPP-ის განცხადებაში.
EPP-ის განცხადება ევროპარლამენტიდან პირველი მოწოდებაა ვადამდელი არჩევნებისკენ. აქამდე ევროპარლამენტარები პირად, თუ ერთობლივ წერილებში, ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლისკენ, ხელისუფლებას კი სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებდნენ.