logo
ENG



EU-ში უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო პროგრამის შექმნაზე შეთანხმდნენ

30 აგვ 202219:00
3 წუთის საკითხავი
 
EU-ში უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო პროგრამის შექმნაზე შეთანხმდნენ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო პროგრამის შექმნაზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ბორელმა პრაღაში, თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მზად არის ბევრი საწვრთნელი ინიციატივა, თუმცა საჭიროებები უზარმაზარია და უნდა მოვახდინოთ ამ საჭიროებების თანმიმდევრულობის განსაზღვრა. ყველა წევრი ქვეყანა ერთხმად შეთანხმდა ამაზე და ასევე იმაზე, რომ დაიწყონ მუშაობა ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის პარამეტრების განსაზღვრაზე უკრაინისთვის", - თქვა ბორელმა.

პრაღაში, ევროკავშირის ოფიციალური პირები ორდღიან არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბნენ. ისინი უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

შეხვედრაზე ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ შეზღუდვებზე იმსჯელებენ. ერთ-ერთი თემა რუსი ტურისტებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა იქნება.


close დახურვა