საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმეორებს EU-ის პრესსპიკერის მიერ ფორმულას კითხვის პასუხად გაკეთებულ განცხადებას და ამბობს, რომ ევროკავშირი მონიტორინგს უწევს მოვლენების განვითარებას და მზადაა რეაგირებისთვის.
ელჩის თქმით, "ყველა ვარიანტი მაგიდაზეა", რაც მათ შორის მოიცავს უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას. ის იმედს გამოთქვამს, რომ წინასაარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, არჩევნები კი თავისუფალი და სამართლიანი, მოვლენების გაუარესების შემთხვევაში კი "ბეკრეტების გამოყენებაზე" საუბრობს.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოს კონტექსტში პირველად ახსენა ბელარუსის არჩევნების მაგალითი, რომლის შედეგებიც ევროკავშირმა არ აღიარა.
"ევროკავშირმა პრეზიდენტებისა და პრემიერმინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში მოვლენების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ნამდვილად შეშფოთებული ვართ, რომ რეფორმების ნაცვლად, რომელიც საქართველოს ახლოს მიიყვანდა საქართველოს ევროკავშირთან, სამწუხაროდ, ბოლო თვეებში მომხდარმა მოვლენებმა დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაზარდა. ვთქვით, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება, რაც დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე.
ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ ამ მოვლენებს და ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი და ძალადობის გარეშე და რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ასე გვსურს მოვლენები განვითარდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები არ იქნება სამართლიანი და თავისუფალი, მოგვიწევს, მივმართოთ ზომებს.
ეს წარსულშიც გავაკეთეთ სხვა ქვეყნების მიმართ, ბელარუსის ჩათვლით, არ ვაღიარეთ ბელარუსის არჩევნები, ეს არჩევნები ბელარუსში მოიპარეს და ამიტომ შემოვიღეთ ფართომასშტაბიანი ზომები, მათ შორის სანქციებიც. ეს ყველაზე ცუდი სცენარია და იმედია, რომ აქამდე არ მივალთ", - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.
17 სექტემბერს ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში.
ფორმულას ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან კონსულტაციები და შეთანხმების ეტაპი უკვე დასრულებულია.
ქართული ოცნების მიმართ პერსონალურ სანქციებს ევროკავშირში მუდმივად უნგრეთი ბლოკავს, თუმცა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ის გადაწყვეტილებაა, რომელიც წევრ ქვეყნებს შორის სრულ კონსენსუსს არ საჭიროებს.