ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც ითვალისწინებს რუსული ნავთობის აკრძალვასა და SWIFT-ის სისტემიდან სბერბანკის გათიშვას. სანქციები იმპორტირებული რუსული ნავთობის 75%-ს შეეხება. წლის ბოლოსთვის კი ევროპაში რუსული ნავთობის 90% აიკრძალება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ტვიტერზე წერს, რომ ევროკავშირში რუსული ნავთობის ექსპორტის აკრძალვის შესახებ შეთანხმება მოიცავს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტს.
"მაქსიმალური ზეწოლა რუსეთზე ომის დასასრულებლად", - წერს მიშელი.
სანქციების ქვეშ მოექცევა ნავთობი, რომელიც ზღვით მიეწოდება. ევროკავშირმა გადაწყვიტა, ამ დროისთვის დატოვოს იმპორტი "დრუჟბას" მილსადენით, რომელზეც დამოკიდებულია უნგრეთი. სწორედ უნგრეთი იყო რუსეთის ნავთობის ემბარგოს წინააღმდეგი, რის გამოც გაიწელა სანქციების მეექვსე პაკეტის მიღება.
გერმანია და პოლონეთი წლის ბოლომდე უარს იტყვიან მილსადენებით ნავთობის შესყიდვაზე. ელისეის სასახლის წარმომადგენლის თქმით, არსებობს შეთანხმება, რომ "რაც შეიძლება მალე დაიხუროს "დრუჟბას" სამხრეთ განშტოება", რომელიც ნავთობს აწვდის სლოვაკეთს, უნგრეთსა და ჩეხეთს.
ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჩეხეთი 18 თვით გათავისუფლდება აკრძალვისგან ნავთობპროდუქტების გადაყიდვაზე.
რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება გახდება ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის წარმოებისთვის შემოსავალი შეეზღუდოს.
შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის იმპორტი მილსადენებით დროებითია.
ევროპელი ლიდერები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ SWIFT-ის სისტემიდან გათიშავენ რუსულ ბანკს - სბერბანკს და თავის ტერიტორიაზე კიდევ სამ სახელმწიფო რუსულ არხს აუკრძალავს მუშაობას: რტრ პლანეტა, როსია 24 და ტვ-ცენტრი.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც მეექვსე პაკეტის ინიციატორი იყო, იმედოვნებს, რომ წლის ბოლოსთვის ევროკავშირი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის 90%-ზე უარს იტყვის.
ევროკავშირის ლიდერების სპეციალურ შეხვედრაზე უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მტკიცე პოზიცია დაიკავა ნავთობის აკრძალვასთან დაკავშირებით. მან ევროკომისია დაადანაშაულა იმაში, რომ მან ვერ მოახერხა სათანადო მოლაპარაკებების წარმართვა.
ორბანის თქმით, ენერგეტიკა "სერიოზული პრობლემაა" და ჯერ საჭიროა გადაწყვეტილებები და შემდეგ სანქციები.