ევროკავშირის ზოგმა ქვეყანამ რუსეთის ფედერაციის ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროებში დაიბარა. სამინისტროებში დაბარება უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიას უკავშირდება, რათა ქვეყნებმა საკუთარი პროტესტი დააფიქსირონ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი. მედიის ინფორმაციით, ვიზიტი ხანმოკლე იყო და პოლონეთმა მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ რუსეთის ქმედებებს არ აღიარებს.
"დღეს რუსეთის ფედერაციის ელჩებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები სამინისტროებში იბარებენ. ჩვენც გამოვიძახეთ ელჩი, რათა დაგვეფიქსირა ჩვენი პოზიცია პუტინის უკანონო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც უკრაინის ტერიტორიების ანექსიასაც ითვალისწინებს, ასევე იმასთან მიმართებით რაც უკვე ხდება დიდი ხანია", - თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლუკაშ იასინმა.
რუსეთის ელჩი ლიეტუვის საგარეო უწყებაშიც დაიბარეს. გარდა ამისა ვილნიუსმა ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ლიეტუვაში ამბობენ, რომ ელჩის ბოლო დროინდელი განცხადებები არ მიესადაგება დიპლომატიურ სტატუსს, შეიძლება ჩაითვალოს ჩარევად ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და შესაბამისად ვენეციის კონვენციის დარღვევად ითვლება.
რუსეთის კიდევ ერთი ელჩი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო მისული. შესაბამისი გადაწყვეტილება იტალიურმა უწყებამ ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებების შედეგად მიიღო. ოფიციალური რომი რუსეთის მიერ უკრაინული ტერიტორიების ანექსიას არ აღიარებს.
***
27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.
პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი 30 სექტემბერს მოაწერეს.
დღეს კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით დადგენილი არ არის, სად გადის ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს "საზღვრები". ამასთან, ის ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსკოვი მოსახლეობასთან კონსულტაციებს აგრძელებს.