ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების მეექვსე პაკეტი ნავთობისა და გაზის მიწოდებაზე სრული ემბარგოს დაწესებას არ მოიცავს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ამ საკითხზე ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ.
"ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მკაფიოდ განაცხადა, რომ არ დაუჭერენ მხარს ემბარგოს და სადამსჯელო ტარიფებს რუსულ ნავთობსა და გაზზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ ერთსულოვნებას ევროკავშირში, რათა გადავწყვიტოთ ეს საკითხი", - განაცხადა ბორელმა.
ამასთანავე, ბორელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მორიგ სამიტზე იმსჯელებენ, რომლის გამართვაც მაისის ბოლოსაა დაგეგმილი.
საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა 23 აპრილს განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის სრულად აკრძალვაზე გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.