logo
ENG



EU: ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნები საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს

23 სექ 202018:51
3 წუთის საკითხავი
 
xc3l7e2rs3k3mpk.jpg

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებულ წვრთნებთან დაკავშირებით ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს. განცხადებას ეუთო-ში ევროკავშირის მისია ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს არღვევს.

"მსგავსი სამხედრო წვრთნები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს, რაც ასახულია გაეროს ქარტიაში, ჰელსინკის საბოლოო აქტსა და პარიზის ქარტიაში", - წერია ეუთო-ში ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს "კავკასია 2020" ეხება.

გავრცელებული განცხადებით, ევროკავშირი ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში; მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.


close დახურვა