logo
ENG



EU: პოლარიზაციაა ქართულ პოლიტიკაში, გამოწვევებია საარჩევნო და სასამართლოს რეფორმებში

09 თებ 202120:55
3 წუთის საკითხავი
 
EU: პოლარიზაციაა ქართულ პოლიტიკაში, გამოწვევებია საარჩევნო და სასამართლოს რეფორმებში

ევროკომისია აქვეყნებს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიურ ანგარიშს, სადაც მიმოხილულია რეფორმების აღსრულება, კანონმდებლობის დახვეწა და კრიტიკულად შეფასებულია გამოწვევები სასამართლოსა და საარჩევნო სფეროებში. 

ევროკომისიის ანგარიშში წერია, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთგული რჩება. ასევე, ნათქვამია, რომ ეფექტიანად გრძელდება ევროკავშირის სტანდარტებთან კანონმდებლობის დაახლოვება. ამასთან, ევროკომისია მიიჩნევს, რომ გამოწვევები რჩება საარჩევნო რეფორმისა და სასამართლო სისტემის რეფორმირების სფეროებში.

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვითარება აჩვენებს, რომ საჭიროა დემოკრატიის კონსოლიდაცია, მათ შორის, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიური დიალოგის მეშვეობით, რაც კარგი იქნება, შესრულდეს 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრიივ არჩევნებისთვის.

მოკლევადიან პერიოდში, საჭიროა, პოლიტიკური შეთანხმება შედგეს უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს პარლამენტში მნიშვნელოვან რეფორმაზე მუშაობა. უფრო ზოგადად, ქართულ პოლიტიკასა და მედიაში პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა პრიორიტეტულია.

სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. უმნიშვნელოვანესია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ასევე, პროცედურა უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ და მოსამართლეთა დანიშვნამდე უზრუნველყოფილი იყოს ხარისხზე დაფუძნებული პროცესი", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ევროკომისიის ტექსტში, ასევე ნათქვამია, რომ ვინაიდან ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ქვეყანამ კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს შეუსაბამა, ვაჭრობის გასაადვილებლად:

"მომავალში გადამწყვეტი იქნება კორონავირუსის კრიზისიდან ინკლუზიური და მდგრადი რეაბილიტაცია და დიჯიტალიზაციის და ციფრული წიგნიერების შემდგომი პროგრესი. სტრუქტურული რეფორმები რჩება მნიშვნელოვნად, რადგან ეს აძლიერებს საქართველოში საინვესტიციო კლიმატსა და მის ეკონომიკას ნაკლებად მოწყვლადს ხდის გარე ფაქტორების მიმართ".

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის, ევროკავშირის სპეციალური წარმოადგენლის განგრძობადი ძალისხმევით, თავისი ჩართულობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ადგილზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მუდმივი ყოფნით.


close დახურვა