logo
ENG



FAZ: NATO-მ ღარიბაშვილს განუმარტა, რომ ვილნიუსის სამიტზე სასურველი სტუმარი არ იყო

12 ივლ 202312:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/12/o6qndi35jf5zoek.jpg

გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვილნიუსში NATO-ს სამიტზე არ მიიწვიეს, რადგან უკრაინაში ომის "ერთ-ერთ მთავარ მიზეზად" NATO-ს დასახელების შემდეგ ის, როგორც ალიანსმა თავად პრემიერს განუმარტა, "სასურველი სტუმარი არ იყო".

სტატია, სათაურით "რატომ შორდებიან საქართველო და NATO პოლიტიკურად", საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის NATO-ს სამიტისადმი წერილის განხილვით იწყება, სადაც პაპუაშვილი NATO-ს მხრიდან საქართველოსადმი "უსამართლო მოპყრობაზე" საუბრობს.

ღია წერილში პაპუაშვილი წერს, რომ "საქართველოს NATO-სგან გაუცხოება ამ ისტორიული მობრუნების წერილში უბრალოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო, შეცდომაა, რომელსაც მომავალი არ აპატიებს".

გამოცემა წერს, რომ იმ ფონზე, როცა უკრაინა NATO-ს უახლოვდება, საქართველო და თავდაცვითი ალიანსი ერთმანეთს პოლიტიკურად უფრო და უფრო შორდებიან.

"ეს პროცესი, რომელიც უკვე დიდი ხანია ეტაპობრივად მიმდინარეობს, არ შეტრიალებულა ერთი წლის წინ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ფონზე, არამედ მკვეთრად აჩქარდა" - წერს გამოცემა.

საქართველოსა და NATO-ს შორის ურთიერთობების "სიმპტომს" უწოდებს გამოცემა იმ ფაქტს, რომ საქართველო ალიანსის სამიტზე პრემიერის სახით არაა წარმოდგენილი.

მათი ცნობით, NATO-მ ღარიბაშვილს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის "სასურველი სტუმარი არ იყო".

"მიუხედავად იმისა, რომ კვლევების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 80%-ს ორი დეკადის განმავლობაში მუდმივად სურს NATO-ში შესვლა. ურთიერთობების მდგომარეობის სიმპტომი ისაა, რომ საქართველო  ვილნიუსის სამიტზე პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახით არაა წარმოდგენილი, არამედ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრით. NATO-მ ხელისუფლების ლიდერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის არ იყო სასურველი [სტუმარი]" - წერს გამოცემა.

Frankfurter Allgemeine Zeitung-ის თქმით, ღარიბაშვილი სასურველი სტუმარი მას შემდეგ არაა, რაც ბრატისლავაში უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინაში ომის დაწყების "ერთ-ერთ მთავარ მიზეზად" NATO და მისი გაფართოება დაასახელა.

გამოცემის თქმით, ეს უკრაინაში ომის შესახებ რუსული ვერსიის მკაფიო გამეორება იყო.

"საქართველოს პრემიერმინისტრი არაა სასურველი სტუმარი ვილნიუსის სამიტზე, რადგან მან მაისის ბოლოს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში უსაფრთხოების პოლიტიკის კონფერენციაზე უკრაინაში ომის შესახებ განაცხადა, რომ „ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება“ - მას აქამდე არასდროს ასე მკაფიოდ არ გაუმეორებია კონფლიქტის დაწყების რუსული ვერსია. თუმცა ეს არ ყოფილა წამოცდენა. უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო ღიად მიმართავს ანტიდასავლურ პროპაგანდას. საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ დასავლეთს, უკრაინას და ოპოზიციას სურთ, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნან." - წერს გამოცემა.

ამასთანავე გამოცემა წერს, რომ საქართველოს მთავრობა ულტრამემარჯვენე ჯგუფებს, რომლებსაც კავშირები აქვთ რუსეთთან შესაძლებლობას აძლევს, რომ „დასავლეთი წარმოაჩინონ როგორც მორალური ხრწნის კერა“. ამავე კონტექსტში არის ნახსენები ძალადობრივი თავდასხმები ლგბტ თემზე საქართველოში, რომლებიც, გამოცემის თქმით "ბოლო წლებში უსაფრთხოების ძალებს არ შეუჩერებიათ" და პოლიტიკური ლიდერები კი "გამოხატავდნენ გულისხმიერებას თავდამსხმელებისადმი".

FAZ წერს, რომ როცა დასავლურად ორიენტირებული ოპოზიციური ძალები აპროტესტებენ ამ თავდასხმებს „პროსახელისუფლებო მედია მათ ქართული ტრადიციული კულტურისა და ღირებულებების განადგურების სურვილში ადანაშაულებს“.

"კრემლი კი ამ პოლიტიკას ასაჩუქრებს: მან ახლახან დაუშვა პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის, რომლებიც 2019 წელს თბილისში მასობრივი ანტირუსული დემონსტრაციების შემდეგ გაუქმდა" - წერს გამოცემა.

გამოცემის თქმით, NATO-ს სამიტის წევრებისადმი წერილში შალვა პაპუაშვილი წერს, რომ საქართველომ "ფუნდამენტურად შეცვალა მისი დემოკრატიული ინსტიტუტები და ხელისუფლების ავტორიტარული სისტემა უკან მოიტოვა" - ამ განცხადების შესახებ გერმანული გამოცემა წერს, რომ "საპირისპიროა სიმართლე".

"საქართველო წლებია, ავტორიტარული სისტემისკენ მიდის. ეს ნათელი გარდა წლის დასაწყისში, როცა პარლამენტმა მიიღო კანონი სამოქალაქო საზოგადოებაში "უცხოელი აგენტების შესახებ", რომელიც რუსული რეპრესიული კანონების მოდელით იყო შექმნილი." - წერია სტატიაში.

გამოცემის თქმით, ხელისუფლებამ მასობრივი ქუჩის პროტესტების შემდეგ ეს კანონი უკან წაიღო, მაგრამ "ხელისუფლებას არ დაუთმია მიზანი, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციაა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ზეწოლის ქვეშ ამყოფოს".


close დახურვა