logo
ENG



FDA-ის მრჩეველთა საბჭომ კოვიდის სამკურნალოდ შექმნილ პრეპარატს რეკომენდაცია გაუწია

01 დეკ 202115:04
3 წუთის საკითხავი
 
FDA-ის მრჩეველთა საბჭომ კოვიდის სამკურნალოდ შექმნილ პრეპარატს რეკომენდაცია გაუწია
G.Tbov / Shutterstock.com

აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის [FDA] მრჩეველთა საბჭომ კორონავირუსის სამკურნალოდ შექმნილი პრეპარატის, "მოლნუპირავირის" გადაუდებელი გამოყენების რეკომენდაცია გასცა. საბჭოში კენჭისყრისას ხმები 13-10-ზე განაწილდა. წამალი კომპანია Merck-მა შექმნა. 

თუკი "მოლნუპირავირს" FDA-ის საბოლოო ავტორიზაცია მიენიჭება, პრეპარატი იქნება პირველი აბი, რომელსაც კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენებენ.

რეკომენდაციის გაცემამდე, საბჭოს წევრების ხმები გაიყო, მათი ნაწილი რისკებს ხედავს, თუკი პრეპარატს ორსული მიიღებს. საბჭოს წევრები, რომლებმაც პრეპარატს მხარი არ დაუჭირეს, მეტი კვლევების ჩატარებას მოითხოვენ უსაფრთხოების დასამტკიცებლად. 

ასევე, საბჭოს ნაწილი არ ეთანხმება მოსაზრებას რომ პრეპარატი ბაზარზე უნდა გავიდეს.

"მე ვთქვი "არა" - ამბობს ჯენიფერ ლი, კალიფორნიის უნივერსიტეტის კლინიკური ფარმაციის პროფესორი. მისი თქმით, პრეპარატის მოკრძალებული სარგებელი ვერ გადაწონის უსაფრთხოების ყველა საკითხს. "ვფიქრობ, რომ მეტი ეფექტიანობა და უსაფრთხოების დამადასტურებელი მონაცემები მჭირდება", - თქვა მან.

საბოლოო კვლევებით, მედიკამენტი მხოლოდ 30%-ით ამცირებს შედარებით რისკს, რომ დაავადება გამწვავდება, ან ლეტალურად დასრულდება. თავდაპირველი კლინიკური კვლევებისას, ეს მაჩვენელი 50% იყო. 

Merck-ის ცნობით, "მოლნუპირავირი" აფერხებს სხეულში ვირუსის გამრავლების უნარს. პაციენტმა ის სიმპტომების დაწყებიდან ხუთი დღის განმავლობაში უნდა მიიღოს. კომპანია Merck, ასევე აცხადებს, რომ წამალი მოქმედებს ვირუსის ახალ ვარიანტებზეც, მათ შორის, ომიკრონის ვარიანტზე.

"მოლნიპურავირი" კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ერთადერთი ანტივირუსული პრეპარატი არაა. ნოემბერში ფაიზერმა დაარეგისტრირა თავისი წამალი. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მის შესახებ საბჭოს სხდომა.

ამ ეტაპზე, ერთადერთი დამტკიცებული ანტივირუსული წამალი "რემდესივირია", რომელიც Veklury-ს ბრენდული სახელწოდებით გაიყიდა. მისი გამოწერა, ან სახლის პირობებში გამოყენება აკრძალულია.


close დახურვა