ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) კვლევის თანახმად, ახალგაზრდების უმეტესობა (58%) არ არის დასაქმებული, თითქმის ყოველი მეხუთე ახალგაზრდა (21%) კი, აქტიურად ეძებს სამსახურს. ამავე კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების დანარჩენი ნაწილი ან სწავლობს, ან რაიმე სხვა მიზეზით არ არის დასაქმებული.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ 25-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ნახევარი არც დასაქმებულია და არც სწავლობს.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
- 14-29 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 31% აღნიშნავს, რომ ამჟამად არც განათლებას იღებენ, არც რაიმე სასწავლო კურსს გადიან და არც მუშაობენ. ეს მახასიათებელი უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, 25-29 წლისა და თბილისს გარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებში.
- 14-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ერთი მესამედი (35%) დასაქმებულია. აქედან 20% დასაქმებულია სრული განაკვეთით, 4% - ნახევარი განაკვეთით, 2% - დასაქმებულია პერიოდულად, 9% კი ამბობს, რომ თვითდასაქმებულია. დასაქმებულთა უმეტესობა მუშაობს კერძო სექტორში (72%), მხოლოდ 16 პროცენტია დასაქმებული საჯარო სამსახურებში, ხოლო გამოკითხულთა დარჩენილი ნაწილი დასაქმებულია სხვა სექტორებში.
- ახალგაზრდების 58% აცხადებს, რომ ამჟამად არაა დასაქმებული. მამაკაცები (43%), თბილისში მცხოვრებები (45%), შედარებით უფროსი (49%) და უმაღლესი განათლების მქონე (59%) ახალგაზრდები უფრო ხშირად არიან დასაქმებულები, ვიდრე ქალები (26%), თბილისს გარეთ მცხოვრებები (30%), 18-24 წლის (38%) და საშუალო განათლების მქონე (41%) ახალგაზრდები.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალგაზრდების დაახლოებით ორი მესამედი მაინც აღნიშნავს, რომ ფინანსურად სხვა ადამიანებზეა დამოკიდებული. პირადი შემოსავალი მხოლოდ შედარებით მცირე ნაწილს (38%) აქვს, ხოლო ყოველი მეათე ახალგაზრდა დამოკიდებულია სახელმწიფო დახმარებაზე.
კვლევის მეთოდოლოგია
კვლევის მეთოდოლოგია შეიმუშავა გაერთიანებული სამეფოს კვლევითმა კომპანიამ R-Research Limited-მა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დასკვეთით და მასთან კონსულტაციის საფუძველზე; საქართველოში 14-29 წლის ახალგაზრდების დამოკიდებულებების, აღქმებისა და მოსაზრებების შესწავლის მიზნით, კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდებს.
რაოდენობრივი მონაცემები მოგროვდა 2022 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 16 ივნისამდე პერიოდში. თბილისში დაფუძნებულმა კომპანიამ IPM Research-მა 14-29 წლის ახალგაზრდების წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 1 206 რესპონდენტი გამოკითხა. რესპონდენტები შეირჩა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევის საფუძველზე. რესპონდენტები შეირჩა ასაკობრივი და გენდერული კვოტის გათვალისწინებით. ინტერვიუების საშუალო ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენდა, სტანდარტული გადახრა კი 14,38 წუთი იყო.