დასავლური ანალიტიკური შეფასებებისა და რუსი სამხედრო ბლოგერების ინფორმაციით, რუს ახალწვეულებს ფრონტზე მძიმე რეალობა ხვდებათ - ბევრი მათგანი ბრძოლის ველზე მხოლოდ რამდენიმე წუთს ცოცხლობს.
სტატიაში, რომელიც Foreign Policy-ში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ რუსეთის არმიას უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ცოცხალი ძალის შევსება სულ უფრო უჭირს.
მონაცემების მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი ხანია შეწყვიტეს ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა. აპრილსა და მაისში კი რუსულმა ძალებმა ტერიტორიები დაკარგეს. ის მცირე წინსვლა კი, რომელსაც რუსეთი აღწევს, უზარმაზარი დანაკარგების ფასად უჯდება.
ბრიტანეთის დაზვერვის სააგენტო GCHQ-ის დირექტორმა, ანა კისტ-ბატლერმა, განაცხადა, რომ ახალი სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი დაღუპულთა სახით, სავარაუდოდ, თითქმის 500 ათასს აღწევს. სხვადასხვა დასავლური წყაროს შეფასებით კი, რუსეთის საერთო დანაკარგები - დაღუპულებისა და დაჭრილების ჩათვლით - 1 მილიონს მნიშვნელოვნად აღემატება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის მიერ დაკარგულ თითოეულ სამხედროზე რუსეთი რვა მოკლულ ან მძიმედ დაჭრილ სამხედროს კარგავს. მიმდინარე წელს, როდესაც საშუალო თვიური დანაკარგი 30 ათას ადამიანს აღემატება, რუსულ არმიას მათი ახალი რეკრუტებით ჩანაცვლება უჭირს. ამ მიზნით, სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისთვის ერთჯერადი პრემია 80 ათას დოლარამდე, ხოლო ვალების ჩამოწერა - 140 ათას დოლარამდე გაიზარდა.
რუსი სამხედრო ბლოგერების ცნობით, მათ, ვინც ჯარში მიდის, დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ახალი რეკრუტის საშუალო "სიცოცხლის ხანგრძლივობა" - საწვრთნელ ბაზაზე მისვლიდან საბრძოლო ზონაში დაღუპვამდე - 10 დღიდან სამ კვირამდეა. უშუალოდ ბრძოლის ველზე გაგზავნის შემდეგ კი რუსი სამხედროები, საშუალოდ, მხოლოდ 20-35 წუთს ცოცხლობენ. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბრძოლის ველზე ტექნოლოგიებისა და ტაქტიკის რადიკალური ცვლილებაა, განსაკუთრებით კი ის, რომ დრონები ამ ომში განადგურების მთავარ იარაღად იქცა, რაც მომავალში სხვა რეგიონებშიც საომარი მოქმედებების ხასიათს მნიშვნელოვნად შეცვლის. სამხედრო ბლოგერების თქმით, კრემლი ამ ახალ რეალობაში სრულიად მოუმზადებელ ახალგაზრდებს პირდაპირ ტექნოლოგიურ ხორცსაკეპში ყრის.
სტატიაში საუბარია, რომ უკრაინამ ომი თავად რუსეთში გადაიტანა. კიევის მიერ წარმოებული ახალი შორი მოქმედების დრონები მნიშვნელოვნად აყენებენ რუსეთს ეკონომიკურ, სტრატეგიულ და ფსიქოლოგიურ ზიანს. უკრაინა უკვე რეგულარულად უტევს რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტებს.
სამხედრო ობიექტების, აეროდრომებისა და სარაკეტო დანადგარების გარდა, უკრაინის შორი მოქმედების შეტევების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, მილსადენები, ენერგორესურსების საექსპორტო ინფრასტრუქტურა და საწვავის საცავები. ივნისის შუა რიცხვებში მოსკოვზე განხორციელებული მასშტაბური შეტევის დროს, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 2027 წლამდე მწყობრიდან გამოვიდა.
Reuters-ის შეფასებით, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობის გადამუშავების სიმძლავრე დღეში 700 ათასი ბარელით შეამცირა.
რუსი სამხედრო ბლოგერები, რომლებიც ქვეყანაში შედარებით თავისუფალი აზრის გამოხატვის თითქმის ერთადერთ სივრცედ რჩებიან, სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებენ ვითარებას, რადგან ხვდებიან, რომ რუსეთი ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე ამას კრემლი წლების განმავლობაში ამტკიცებდა.
რუსეთის მოსახლეობა ეკონომიკურ ზეწოლას სულ უფრო მეტად გრძნობს. საწვავის ნორმირებისა და სხვა სახის დეფიციტის შესახებ ცნობები რეგულარულად ვრცელდება. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში საწვავის მარაგები იმდენად შემცირდა, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის მისი გაყიდვა შეაჩერა. თავად რუსეთში კი ქვეყნის რეგიონების ნახევარზე მეტში საწვავის მოხმარება უკვე შეზღუდულია. მაისში დიზელის წარმოება დამატებით 10%-ით შემცირდა, ხოლო მოსკოვმა ბენზინის ექსპორტი დროებით აკრძალა.
მიმდინარე წლის დასაწყისში გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ხარჯები უკვე ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება კრემლის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ მაჩვენებლებს.
შვედეთის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, თომას ნილსონის შეფასებით, რუსეთის ეკონომიკას მხოლოდ ორი სცენარი დარჩა - გრძელვადიანი დაღმასვლა ან ძლიერი ეკონომიკური შოკი. მისი თქმით, ორივე გზა რუსეთს საბოლოოდ ფინანსურ კატასტროფამდე მიიყვანს.
