logo
ENG



Facebook-დან ის გვერდები წაიშალა, რომელიც სახელისუფლებო ძალებთან იყო კავშირში

01 მაი 202020:20
3 წუთის საკითხავი
 

სოციალური ქსელის მსოფლიო გიგანტი წმენდას განაგრძობს - წაშლილია ცრუ მედია გვერდები და ის ანგარიშები, რომელიც პროპაგანდას, ფეიკ-ნიუსს, სიძულვილის ენას ტირაჟირებდა და ძირითადად, სახელისუფლებო ძალებთან იყო კავშირში. Facebook-ის მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაბლოკილია დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის მიზნით მოქმედი ქსელების პლატფორმები. 

კოკა ყანდიაშვილი, მისი სააგენტო „ეSპერსონა“ და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული ჯგუფები ფეისბუქიდან მას შემდეგ გაქრა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის სამართლიანმა არჩევნებმა ათობით ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედია გვერდების ქსელი გამოავლინა. თუმცა მოგვიანებით იგივე გვერდები, იდენტური ვიზუალითა და შინაარსით თავიდან შექმნეს. ამ გვერდების ნაწილი ტელეკომპანია „ფორმულაზეც“ ავრცელებდა დასპონსორებულ დეზინფორმაციას. გააუქმეს ან თავი გაიუქმეს არაავთენტური ფეისბუქპროფილების ავტორებმა. ასევე ჯგუფებმა, რომელიც ქართული ოცნების სასარგებლო კონტენტთან ერთად პრორუსულ და დეზინფორმაციულ ნარატივს სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ. აღარ იძებნება გვერდები, რომლებიც თავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მედიებად ასაღებდნენ, სინამდვილეში კი სოციალური ქსელის მომხმარებლებს წინასაარჩევნოდ ანტიოპოზიციურ გზავნილებს აქტიურად აწვდიდნენ. 

„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციული გვერდების გარდა, ფეისბუქზე აღარც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რუსული პროპაგანდისტული მედიის ანგარიშები იძებნება. დღეს გაირკვა, რომ კრემლისტური მედია „ნიუსფრონტის“ ანგარიშები ფეისბუქმა წაშალა. ეს არის მედია, რომელიც უკვე მეექვსე წელია 8 ენაზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ოპერირებს. მისი სარედაქციო პოლიტიკა კრემლის დღის წესრიგის იდენტურია. ეს საიტი უკრაინის ტერიტორიების - დონბასის, ლუგანსკისა და ყირიმის - დამოუკიდებლობას აღიარებს ვებგვერდის ქართული ვერსია 2019 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. 

ნიუსფრონტის“ ქართული ვერსიის უკან ღიად პრორუსული აქტორები დგანან. მათი საქმიანობა უკავშირდება ისეთ პრორუსულ მედიებსა და ორგანიზაციებს როგორიაა, „საქართველო და მსოფლიო“, „ევრაზიული კავშირი“, „პატრიოტი TV“, ასევე ევგენი პრიმაკოვის ფონდთან დაკავშირებულ პლატფორმასთან „პოლიტიკანო“.

News Front Georgia-ს ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორი კონსტანტინე ჩიკვილაძეა, რომელიც ამავდროულად „საქართველო და მსოფლიოს“ სტატიების ავტორია. მისი ანგარიში ფეისბუქში აღარ იძებნება. საიტის საინფორმაციო რედაქტორმა გუბაათ რცხილაძემ კი თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ფეისბუქმა ფრონტნიუსის პროპაგანდისტული გავლენები გამოავლინა. გუბაათ რცხილაძე ევრაზიული კავშირის თანადამფუძნებელი და უკვდავი პოლკის ანალოგის საქართველოს უკვდავი ჯარის მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ის არ მალავს, რომ „ნიუსფრონის“ გუნდი მუშაობას განაახლებს და საზოგადოებამდე ანტიდასავლურ აზრებს მაინც მიიტანს. 

​ფეისბუქსნიუსფრონტთან“ დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა მიმართა. იქამდე ამ ორგანიზაციამ „სპუტნიკ-საქართველოსთან“ დაკავშირებული არაავთენტური გვერდების გაუქმებაც მოითხოვა. სამართლიანი არჩევნების კვლევიდან ირკვევა, რომ „ნიუსფრონტის“ მასალები ვრცელდებოდა 31 ღია „ფეისბუქ“ ჯგუფში, რომელთაც ჯამში 521,240 წევრი ჰყავთ. მიზანი კი საზოგადოების პოლარიზაცია იყო. დეზინფორმაცია გააქტიურდა პანდემიის დროს კოვიდ 19-ის მკურნალობისა და ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რაც წლების რუსეთის ტროლების ფაბრიკის ხელწერაა. 

სტრატეგიული კომუნიკაციების ანალიტიკოსების დაკვირვებამ აჩვენა, რომ „ნიუსფრონტისა“ და სხვა დეზინფომაციული ყალბი მედიების საქმიანობა ხშირად ხელისუფლების მხარდამჭერია და მათი იდეების წინასაარჩევნოდ გააქტიურებას უკავშირდება. ეს აჩენს ეჭვს, რომ „ქართული ოცნება“ კრემლისტურ მედიასთან და სხვა მხარდამჭერ გვერდებთან ერთად საზოგადოებრივ აზრს აყალბებს და ამით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. ამას მოწმობს ფეისბუქის მიერ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული 400-მდე ანგარიშის წაშლა გასული წლის დეკემბერში. 

ყალბი გვერდები, ჯგუფები და მედიები წლებია ერთი სტრატეგიით მოქმედებენ. მათი მხილების შემდეგ როგორც წესი ყალბი ანგარიშები უქმდება, თუმცა მალევე ახალი ჩნდება. ეს დაუსრულებელი პროცესია, რომელიც ანალიტიკოსების ვარაუდით წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო გააქტიურდება. ხელისუფლება კი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ნაცვლად დუმილს ირჩევს. 


close დახურვა