Facebook მისი პლატფორმებიდან აღარ წაშლის ინფორმაციას, რომ კორონავირუსი ხელოვნურადაა შექმნილი.
CNN Business-თან საუბრისას სოციალური ქსელის სპიკერმა განაცხადა, რომ ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევების ფონზე და ჯანდაცვის ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ, Facebook პლატფორმებიდან არ ამოიღებს ინფორმაციას, რომ Covid 19 ადამიანის შექმნილია.
„ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის ექსპერტებთან თანამშრომლობას, რათა არ ჩამოვრჩეთ პანდემიის გავრცელების ბუნებას და რეგულარულად განვაახლოთ ჩვენი პოლიტიკა, რადგანაც ჩნდება ახალი ფაქტები", - განაცხადა Facebook-ის სპიკერმა.
ეს განცხადება გაკეთდა მალევე მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები გააორმაგებდნენ ძალისხმევას კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის საქმეში.
ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ოფიციალურ პირებს მისცა დავალება, 90 დღეში გამოეძიებინათ კორონავირუსის წარმომავლობა. ბაიდენის განცხადება მოჰყვა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ცნობას, რომ ჩინეთში, ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში 2019 წლის ნოემბერში რამდენიმე მკვლევარი ავად გახდა და მათი ჰოსპიტალიზაციაც კი გახდა საჭირო. ამ დეტალმა გაზარდა ზეწოლა ბაიდენზე, რომ უფრო მეტად ჩასძიებოდა Covid 19-ის წარმოშობის საკითხს.
„მე მოვითხოვე დამატებითი გამოძიება, რაც შეიძლება საჭირო იყოს - მათ შორის, შეკითხვები ჩინეთის მისამართით. ჩემი თხოვნით, ამან უნდა მოიცვას ჩვენი ეროვნული ლაბორატორიები და ჩვენი ხელისუფლების სხვა სააგენტოები, სადაზვერვო საზოგადოების ძალისხმევის გასაზრდელად. მე, ასევე, ვთხოვე სადაზვერვო სამსახურებს, საქმის კურსში ამყოფოს კონგრესიც", - განაცხადა ბაიდენმა.
სოციალურმა ქსელმა თებერვალში განაცხადა, რომ ვირუსის ხელოვნურობის შესახებ ინფორმაციას ქსელიდან ამოიღებდა. მათ გადაწყვეტილება სხვადასხვა ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციასთან, მათ შორის ჯანმო-სთან, კონსულტაციებით ახსნეს.