გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცებასაც ბლოკავს. გამოცემა ამ ინფორმაციას ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ 14 თებერვალს გამართულ EU-ის ელჩების შეხვედრაზე, ერთადერთი წარმომადგენელი უნგრეთი იყო, რომელმაც სანქციების ახალ პაკეტს მხარი არ დაუჭირა.
გამოცემა წერს, რომ უნგრეთი ამ ნაბიჯის მიზეზად სანქციების პაკეტში შესულ ჩინეთის წინააღმდეგ დაგეგმილ ზომებს ასახელებს, რასაც ეს პაკეტი ითვალისწინებს. ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ სწორედ ეს იყო უნგრეთის მთავარი უკმაყოფილების საგანი, რომ პაკეტში ჩინური კომპანიებიც მოხვდნენ.
ევროკავშირი სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცებას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავისთვის გეგმავს. სწორედ ამ საკითხის შესათანხმებლად შეიკრიბნენ ევროკავშირის ელჩები ბრიუსელში. გამოცემა კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთის ელჩმა შეხვედრაზე "ცოტა მეტი დრო" ითხოვა, რათა "გაანალიზონ წინადადების შინაარსი
ევროკავშირის სანქციების მეცამეტე პაკეტი 200 ფიზიკურ პირსა და კომპანიას აერთიანებს, როგორც რუსეთიდან, ასევე ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად და უკრაინაში ომს მხარს უჭერენ.
ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტზე დისკუსია, დიდი ალბათობით, მომავალ კვირას, ამჯერად კი მინისტრების დონეზე გაგრძელდება. სანქციების მომხრეები იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალ კვირას შეძლებენ საკითხზე შეთანხმების მიღწევას, რათა ახალი პაკეტი 24 თებერვლისთვის დამტკიცდეს.