მოხალისეები მთელი მსოფლიოდან გაერთიანდნენ უკრაინის დასახმარებლად და გადასარჩენად - წერს ჟურნალი Forbes.
ვრცელ მასალაში, რომელიც ჟურნალისტმა დევიდ ჯინსმა მოამზადა, საუბარია რიგითი უკრაინელების დასახმარებლად სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეთა მობილიზაციაზე და დეტალურად არის აღწერილი ის ნაბიჯები, რომლებიც ამ დახმარების გასაწევად მოხალისეების მიერ იდგმება.
სტატიაში ხაზგასმულია ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი და მის მიერ გაწეული დახმარებაც.
მასალის დასაწყისში ჟურნალისტი ყვება მუსიკოს ჰარპერ საიმონზე, რომელმაც 2022 წლის მაისში თავის ორ მეგობართან ერთად შეკრა "ტაქტიკური აღჭურვილობისა და სამედიცინო დახმარების" 30 ყუთი და ლოს ანჯელესიდან ვარშავაში წასაღებად გაამზადა. თითოეულ კომპლექტში ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, ჩაფხუტი, ტურნიკეტი, გაზისგან დამცავი ნიღაბი, ტკივილგამაყუჩებელი და სხვა აუცილებელი ნივთები შედიოდა.
"დახმარება, რომელიც უკრაინაში ჩადის, სამ კატეგორიად იყოფა: წმინდად სამხედრო, არალეტალური, მაგრამ სამხედრო და წმინდად სამოქალაქო. პირველი ორი კატეგორია მოითხოვს სხვადასხვა ხარისხის ოფიციალურ ზედამხედველობას, სულ მცირე, იმისთვის, რომ მოსკოველმა ჯაშუშებმა ამის შესახებ არ შეიტყო.
საიმონის დახმარების პაკეტები მეორე კატეგორიაში შედის. ვარშავის აეროპორტში საიმონმა განაბაჟა ტვირთი და ყუთები ფურგონებზე გადაიტანეს, საიდანაც ისინი უკრაინის საზღვრამდე მიიტანეს.
მთელ ამ პროცესს კოორდინირებას უწევდა "უკრაინის სახლი", კულტურული ცენტრი, რომელიც განთავსებულია სან დიეგოში და ოდესღაც ფოლკლორული ცეკვების საღამოებს მასპინძლობდა, თუმცა, ომის შემდეგ აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე უკრაინაში ტრანსპორტირების გულად იქცა".
Forbes-ის სტატიაში მოთხრობილია აშშ-ში მცხოვრები უკრაინელი ქალის, აქსენია კრუპენკოს ძალისხმევა, შეაგროვოს და ჩაიტანოს ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში.
დევიდ ჯინსის თხრობით, აშშ-დან უკრაინაში დახმარების გაგზავნის წამოწყება ვაშინგტონში მცხოვრებ უკრაინელს, აქსენია კრუპენკოს ეკუთვნის, რომელიც წარსულში აშშ-ის დედაქალაქში დიპლომატიური მასპინძლობის სერვისს ხელმძღვანელობდა.
"საბოლოო ჯამში, ტვირთის ტრანსპორტირება ნიშნავს ფრენას JFK Cargo Terminal-დან მხოლოდ ორი სამგზავრო ადგილით პოლონეთში, შემდეგ კი - სახმელეთო ტრანსპორტით უკრაინაში.
2022 წლის ომამდე აშშ-დან უკრაინაში არასამხედრო ჰუმანიტარული ტვირთის გადატანა მარტივი იყო. აქსენია კრუპენკომ ამ მიზნით 2020 წელს არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაცია, Revival Foundation დააფუძნა და უკრაინულ დიასპორასაც დაუკავშირდა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე კრუპენკოს ბინა შემოწირულობებით გაივსო. მას საწყობი დასჭირდა. მალე გამოჩნდა მოხალისე, რომელმაც ქალს მერილენდში სივრცე დაუთმო. შემოწირულობებით შეივსო ეს საწყობიც და მალევე გამოჩნდა კიდევ ერთი სასაწყობე სივრცე.
ამდენი ტვირთის უკრაინაში ტრანსპორტირება რთული იყო. ყველა დიდი სატვირთო ავიახაზები ასქსენიას ეუბნებოდა, რომ მათ ჩატანას რამდენიმე კვირა დასჭირდებოდა, ამასთან, ჩარტერული ფრენის ფასი დაახლოებით $1 million იყო.
აქსენია კრუპენკო ამბობს, რომ ამ თანხის შეგროვება შეუძლებელი იყო, ტვირთის ზღვით გადაზიდვა კი კიდევ უფრო მეტ დროს მოითხოვდა.
მალევე მან უკრაინული საფოსტო სერვისის, უკრპოშტის დირქტორი, იგორ სმელიანსკი გაიცნო.
სმელიანსკიმ კრიპენკოს უთხრა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის გამო სატვირთო ფრენებს პოლონეთიდან საფოსტო სამსახური ახორციელებდა.
უკრპოშტი თანამშრომლობდა უკრაინულ ჩარტერულ ავიაკომპანია Windrose-სთან. სწორედ ეს თვითმფრინავი ჩაიტანდა ჰუმანიტარულ ტვირთებს პოლონეთში, შემდგომში უკრაინაში წასაღებად.
Windrose-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვოლოდიმირ კამენჩუკმა დადო შეთანხმება აქსენია კრუპენკოსთან, რომლის მიხედვითაც, მისი კომპანია აშშ-დან ჰუმანიტარულ ტვირთს არამომგებიან ფასად, 250 ათას აშშ დოლარად ჩამოიტანდა. თავის მხრივ, აშშ-ში ფრენამდეც თვითმფრინავი სხვადასხვა ტვირთით უნდა ყოფილიყო დატვირთული. ახლა კრუპენკოს მხოლოდ 250 ათასი აშშ დოლარი უნდა ეშოვა.
ამ შეთანხმებას კიდევ ერთი სარგებელი მოჰყვა - Windrose-ის დახმარებით ურკპოშტამ სიცოცხლე შეინარჩუნა და დარჩა ღია უკრაინული ვაჭრობისთვის, განსაკუთრებით, პატარა და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა მასობრივ ინდუსტრიულ ლოჯისტიკასთან.
ეს, თავისდა უნებურად, გახდა მოსკოვის მიერ უკრაინის ეკონომიკის ჩაკეტვისთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი.
ამასთან, როცა ვარშავის აეროპორტი იყო მთავარი დამხმარე უკრაინელი ლტოლვილებისთვის, კიდევ ერთი აეროპორტი - ემსახურებოდა და კვლავ ემსახურება უკრაინულ ტვირთებს.
ლუბლინის აეროპორტში თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ უკრფოშტა თვითმფრინავიდან გადმოზიდულ ტვირთებს თავის ავტომობილებში გადაიტანდა და ლვივში თავისი ხარჯებით წაიღებდა.
კრუპენკოს ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვაში თავისი ხარჯებით გადაზიდვას უკრაინის რკინიგზაც დაპირდა.
ტრანსპორტორების დასაფინანსებლად კრუპენკომ ყველას დაურეკა, ვისაც იცნობდა, პირველ რიგში, Revival Foundation-ის თანადამფუძნებელს და პრეზიდენტს, თემურ იაკობაშვილს. მას ესმოდა, რომ დახმარების დროულად მიწოდება უკრაინელებისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო.
იაკობაშვილმა, რომელიც საქართველოს ყოფილი ვიცე პრემიერი და დიპლომატია, აქსენია კრუპენკო დონორთან, დავით კეზერაშვილთან დააკავშირა. კეზერაშვილი ბიზნესმენი და საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრია. ის აკრუპენკოს შშ-დან პოლონეთში ფრენის ხარჯების ანაზღაურებას დაპირდა.
მაშინ უკრპოშტა გახდა ოპერაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ქართველებმა პროცესს მისი განხორციელების ყველა ეტაპზე ხელი შეუწყვეს. შედეგად, მარტის დასაწყისისთვის პირველი თვითმფრინავი აშშ-დან პოლონეთში ჩავიდა". - წერს დევიდ ჯინსი.
ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს მნიშვნელოვან კავშირებს უკრაინასა და საქართველოს შორის, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დევნის ანტირუსულად განწყობილ პოლიტიკოსებს.
"პუტინი ორივე ქვეყანაში შეიჭრა. ორივემ დიდი წინააღმდეგობა გაუწია პუტინის ზეწოლას, კორუფციას და ძალებს, რომლებიც მათი ქვეყნების დემოკრატიას ებრძოდნენ. ისინი ხშირად ეხმარებიან ერთმანეთს. 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა, დავით კეზერაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. მაშინ უკრაინა საქართველოს იარაღით დაეხმარა. უკრაინის ფრონტის ხაზზე რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე წელია, იბრძვის უზარმაზარი ქართული სამხედრო კონტინგენტი.
ეს ყველაფერი არაოფიციალურია, რადგან საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება 2013 წლიდან ინარჩუნებს პასიურობას მოსკოვის მიმართ და ხშირად დაუსწრებლად დევნის ყოფილ პოლიტიკოსებს, რომლებიც ანტირუსულად იყვნენ განწყობილნი". - ნათქვამია Forbes-ის სტატიაში.