საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციას "ფრიდომ ჰაუსი" გამოეხმაურა.
ორგანიზაციის ევროპის და ევრაზიის დირექტორმა, მარკ ბერენტმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს მიღწევა საქართველოს მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების წვლილს გამოხატავს და ხელს შეუწყობს ნდობას საარჩევნო სისტემის მიმართ.
„მივესალმებით ამბავს, საქართველოს მიერ საარჩევნო რეფორმის წარმატებით მიღების შესახებ, რასაც დიდხანს ელოდნენ მოქალაქეები და უცხოელი დამკვირვებლები. საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება ხელს შეუწყობს პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერებას და ნდობას საქართველოს საარჩევნო სისტემის მიმართ. ეს მიღწევა ასევე გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების წვლილს, მათ მრავალთვიან კამპანიაში, რეფორმების გატარებაში“, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატებმა. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, მათი გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ პროექტში ეუთო/ოდირის რეკომენდაციები გათვალისწინებული არ არის.