logo
ENG



GDI: ვგმობთ ვასაძის განცხადებას, როგორც სიძულვილის წამახალისებელსა და ჰომოფობიურს

16 ივნ 202114:15
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/16/8ukgfdy0ma2wv2w.jpg

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ლევან ვასაძის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც პროპუტინური, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერი ქართულ ოცნებას "ღირსების მარშის" გასაუქმებლად 10 დღიან ვადას აძლევს.

GDI გმობს ვასაძის განცხადებას, როგორც სიძულვილის წამახალისებელსა და ჰომოფობიურს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით დაცული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომლითაც სარგებლობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველასთვის არადისკრიმინაციულად, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ სხვა ნიშნისა.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, უზრუნველყოს შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოება.

"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამ ვალდებულებას არ ასრულებს, რის გამოც ლგბტ+ თემის წარმომადგენლებს უკვე წლებია არ ეძლევათ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზების შესაძლებლობა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. ხელისუფლება სათანადო ღონისძიებებს არ ატარებს ლევან ვასაძის, სხვა სიძულვილის ჯგუფების და ზოგადად ჰომოფობიური და სიძულვილის წამახალისებელი განცხადებების/ძალადობრივი ქმედებების საპასუხოდ და არ ახორციელებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტურ გამოძიებას.

სწორედ ამის შედეგია ის, რომ ყოველწლიურად ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერები და წევრები ღიად იმუქრებიან და აანონსებენ თავდასხმებს ლგბტ+ თემის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებზე.

GDI მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები ღირსების მარშის გამართვამდე, მათ შორის დაიწყონ გამოძიება ყველა დანაშაულის შემცველი შემთხვევის მიმართ, ხოლო დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში უზრუნველყონ თითოეული აქტივისტის უსაფრთხოება.

GDI მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფო უწყებების მიერ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს და აღმოუჩენს სამართლებრივ მხარდაჭერას კვირეულის ორგანიზატორებს", - ნათქვამია განცხადებაში.

პროპუტინური, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერი, ლევან ვასაძე ქართულ ოცნებას 10-დღიან ვადას აძლევს, გააუქმონ 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში".

გუშინ, 15 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ვასაძემ ირიბად მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. მან მოუწოდა მთავრობას, არ მისცენ საბაბი "ესკალაციასა" და "დაპირისპირებას".

"ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

ორგანიზატორების ცნობით, აქციაზე მივლენ, როგორც "თბილისი პრაიდის" წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.

ამ ფორმით ისინი, მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროტესტს გამოუცხადებენ სოლიდარობას. 


close დახურვა