საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებით, საერთო სასამართლოებში "ბირჟა მაფიის" საქმეზე გიორგი ქებურიას 4-წლიანი დავა მისი გამარჯვებით დასრულდა. დავის ფარგლებში იგი საქართველოს გენერალური პროკურატურისგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა, რაც დაკმაყოფილდა.
"საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ ძალაში დატოვა ამავე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს გენერალურ პროკურატურას გიორგი ქებურიას სასარგებლოდ, უკანონო დაკავების, უკანონო პატიმრობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 24 140 ლარის გადახდა დააკისრა", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
პროექტ Birja MAfia-ს წევრები 2017 წლის ივნისში მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოვიდა მათი ახალი კლიპი Tsl Shavi Zeda, სადაც ერთ-ერთ კადრში პოლიციელს ძაღლის საყელური უკეთია. გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მუსიკოსები თავიდანვე ამბობდნენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, რათა კლიპისთვის შური ეძიათ.
Birja Mafiaს წევრების დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ორივეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რამდენიმე დღეში კი პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს.
18 დეკემბერს, პროკურატურამ როგორც გიორგი ქებურიას, ასევე, მიშკა მგალობლიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და განმარტა, რომ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს.