საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის დასკვნით, 2020 წელს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულმა მოსამართლეთა გავლენიანმა ჯგუფმა ე.წ. „კლანმა“ მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამდებობების დაკავება და მათზე ლოიალური მოსამართლეების გამწესება შეძლო.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც გასულ წელს საქართველოს საერთო სასამართლოების მდგომარეობას აფასებს, ნათქვამია, რომ „კლანმა“ ასევე მოახერხა თავისი გავლენების გამყარება საქართველოს უზენაეს სასამართლოზე, სადაც ამჟამად თავმჯდომარეთა თანამდებობები სწორედ „კლანთან“ ან მმართველ პოლიტიკურ ძალასთან დაახლოებულ პირებს უკავიათ, რაც თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას გამორიცხავს და მნიშვნელოვნად ამცირებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობას.
GDI აღნიშნავს, რომ 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან დაახლოებული 2 წევრის დანიშვნის შედეგად „კლანმა“ თავისი ძალაუფლების გავრცელება შეძლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზეც.
"ეს ნათლად გამოჩნდა ამ უკანასკნელის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, რომლითაც მან არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მკაცრად გაკრიტიკებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი კონსტიტუციურად ცნო. შედეგად ამ სასამართლოს მიმართ ნდობას, რომელიც წლების განმავლობაში საზოგადოების შედარებით მაღალი „რეპუტაციით“ სარგებლობდა, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა". - წერია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს სასამართლო სისტემისთვის ერთ-ერთ გამოწვევას კოვიდპანდემიის პირობებში სასამართლო სხდომების დისტანციური რეჟიმით ჩატარება წარმოადგენდა. ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მოტივით სხდომებზე დამკვირვებლების დაშვების არათანმიმედვრულმა პრაქტიკამ მართლმსაჯულების გამჭვირვალობის კუთხით კითხვის ნიშნები გააჩინა.
"პრაქტიკული მიმართულებით პრობლემები გამოიკვეთა სასამართლო პროცესების წარმართვის ნაწილში, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეების მიმდინარეობისას, როდესაც პენიტენციური დაწესებულებებისა და სასამართლოს სხდომის დარბაზების არასაკმარისად აღჭურვის გამო, პროცესში დისტანციურად მონაწილე პირები მოკლებულნი იყვნენ კონფიდენციალური კომუნიკაციისა და პროცესის ფარგლებში გამოსაკვლევი/შესასწავლი მტკიცებულებებისა და დოკუმენტების სრულფასოვნად აღქმის შესაძლებლობას". - წერს GDI.
ასევე, GDI-მ ყურადღება გაამახვილა "მიგრაციებზე" სისტემის შიგნით, ანუ მოსამართლეთა გადაყვანა ერთი ქალაქიდან მეორეში და ერთი სასამართლოდან მეორეში, ასევე ხაზგასმულია იმავე ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეთა უკონკურსოდ გადაადგილება და ზემდგომ ინსტანციაში დაწინაურება. ასევე, საქმეების განაწილების დროს მორიგეობის სიის შეცვლა.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ეს ამ მექანიზმების არასათანადოდ, ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა და აჩენს რისკს, რომ მათ საფუძველზე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატები, კოლეგიები და საარჩევნო დავების ვიწრო სპეციალიზაციები სასამართლო სისტემაში არსებულ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან დაახლოებული პირებით დაკომპლექტდეს, რომლებიც ამჟამად მოქმედი ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ;
GDI-მ შეიმუშავა რეკომენდაციებიც:
- დისტანციურ პროცესებზე მონიტორთა შეუფერხებლად დასწრების უზრუნელსაყოფად კანონმდებლობაში მკაფიო ჩანაწერის გაკეთება, რაც გამორიცხავს საკითხის მოსამართლის შეხედულებისამებრ გადაწყვეტასა და არათანმიმდევრული პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
- სხდომის დარბაზები/პენიტენციური დაწესებულებების შესაბამისი ოთახების აღჭურვა სათანადო ტექნიკითა და ინტერნეტკავშირით, რაც ხელს შეუწყობს პროცესში დისტანციურად მონაწილე პირების შეუფერხებლად ჩართვას და მათ მიერ სხდომის დარბაზში მყოფი პირებისა და მიმდინარე პროცედურების სათანადოდ აღქმას. ასევე, მოსამართლეებს შესაძლებლობას მისცემს დარწმუნდეს/გადაამოწმოს პროცესში მონაწილე პირების სანდოობა და მათზე ზეგავლენის მოხდენის რისკების აღმოფხვრას;
- ადვოკატსა და ბრალდებულს/მსჯავრდებულს შორის კონფიდენციალური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- იმ სოციალური ჯგუფებისათვის (ასაკოვნები, სოციალურად დაუცველები) სრულფასოვნად ჩართვის უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით), რომლებსაც შესაძლოა არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა, უნარები ან/და ტექნიკური მოწყობილობები;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის დახვეწა/შეცვლა, იმგვარად, რომ ა) გამოირიცხოს მოსამართლეთა კონფერენციაზე ერთი ჯგუფის მიერ მეორე ჯგუფზე დომინირება, გავლენის სფეროების ცენტრალიზება და შესაძლებლობა მიეცეს უმცირესობაში მყოფ მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობაში გათვალისწინებულ იქნეს მათი პრეფერენციები; ბ) უზრუნველყოფილი იქნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტის მიერ კანდიდატის დანიშვნის პროცესის ღიაობა და საჯაროობა, ასევე მათი დანიშვნა განხორციელდეს უფრო მაღალი კონსენსუსით;
- პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში/პალატებში/კოლეგიებში/ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეთა გადაადგილებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორება, რომელიც გამორიცხავს ხარვეზების ბოროტად გამოყენების შედეგად სასამართლო სისტემისადმი ნდობის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დაცული იქნეს საჯაროობისა და გამჭვირვალობის მოთხოვნა და ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებისა და დღის წესრიგის შესახებ განთავსდეს მის ოფიციალურ ვებგვერდზე კანონდებლობით დადგენილი ვადების დაცვით;