logo
ENG



GDI და GMC: მიმდინარე ძალადობრივი პროცესები მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

05 ივლ 202113:54
3 წუთის საკითხავი
 
GDI და GMC: მიმდინარე ძალადობრივი პროცესები მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

GDI და GMC ეხმაურებიან ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ღირსების მარშის ჩასაშლელად.

ორგანიზაციები გმობენ მათი მხრიდან ძალადობას და აღშფოთებას გამოხატავენ სახელმწიფოს უმოქმედობის გამო.

"მთელი დღის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფები არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს, სჩადიან სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს. ისინი არღვევენ ლგბტ+ თემის წევრებისა და მათი მხარდამჭერების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, ასევე არღვევენ კერძო საკუთრების უფლებას, საფრთხეს უქმნიან სხვათა ჯანმრთელობას, ხელს უშლიან მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტურ საქმიანობას. 

მიუხედავად ჰომოფობიური ჯგუფების ამ ძალადობრივი, აგრესიული და დანაშაულებრივი ქმედებებისა, ხელისუფლება არ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობისა და მართლწესრიგის დაცვას. დილიდან, ხელისუფლება ერთ ნაბიჯსაც არ დგამს ძალადობის პრევენციისთვის და შეჩერებისთვის. რუსთაველის გამზირზე და მის გარშემო არ იყო საკმარისი რაოდენობით მობილიზებული პოლიცია, ხოლო ადგილზე მყოფ სამართალდამცავებს ამ დრომდე არ მიუღიათ სათანადო ზომები ხსენებული ჯგუფების შესაკავებლად - პოლიციამ ხელი არ შეუშალა მათ პარლამენტის წინ მდებარე კარვების უკანონოდ დაშლაში, ასევე ვერ დაიცვა მათგან მედიის წარმომადგენლები, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისები.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ჰომოფობიური ჯგუფების ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ლგბტ+ თემის წევრებს, არამედ თითოეული ჩვენგანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. კიდევ უფრო მეტად აღმაშფოთებელია ხელისუფლების ზემოაღნიშნული განცხადებები, რომლებიც ახალისებს ჰომოფობიას და სიძულვილს. ხელისუფლების უმოქმედობა და სიძულვილის წახალისება ეწინააღმდეგება მის პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ლგბტ+ თემის წევრების და მათი მხარდამჭერების უსაფრთხოება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზაცია. მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გასული მიმდინარე ძალადობრივი პროცესები მთლიანად საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა". - აცხადებენ ორგანიზაციები. 

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე აძვრნენ და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა. 

პრაიდის კონტრაქციაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.


close დახურვა