საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის არაკონსტიტუციურ წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. GDI-მ ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტის გიორგი კიკაბიძისა და ოპერატორის, გენადი ქვაჩახიას სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა.
GDI მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, დაუშვებელია პარლამენტარების და საჯარო მოხელეების არასასურველი კითხვებისგან დაცვის მიზნით ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვა.
გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტთა აკრედიტაციის ახალი წესი არ ითვალისწინებს მთელ რიგ პროცედურულ გარანტიებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჟურნალისტების მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად. კერძოდ:
-
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ჟურნალისტების პოზიციის გათვალისწინების გარეშე;
-
გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის დაბალანსების საკითხი. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი არ აფასებს, რა უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის: ჟურნალისტის მიერ საკუთარი უფლების განხორციელება პარლამენტის შენობაში, თუ პარლამენტარისთვის შექმნილი დისკომფორტი, რომელიც ჟურნალისტის მიერ კითხვის დასმის/ინტერვიუს ჩაწერით არის გამოწვეული;
-
გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ინტერვიუს ჩაწერის ინიციატორის ვინაობა და აკრედიტაციის შეჩერება ეხება არა მხოლოდ იმ ჟურნალისტს, რომელიც უარის თქმის შემდეგ კვლავ განაგრძობს ინტერვიუს, არამედ სპეციალური აკრედიტაციის მქონე იმ პირებსაც, რომლებიც ტექნიკურად უზრუნველყოფენ ინტერვიუს ჩაწერას, მაგალითად ოპერატორებს. ამას ადასტურებს მოსარჩელე გენადი ქვაჩახიასთვის აკრედიტაციის შეჩერება, რომელიც სწორედ ტექნიკურად ახორციელებდა ინტევიუს ჩაწერას (მოსარჩელე გახლავთ ოპერატორი) და მას კითხვები არ დაუსვამს რესპონდენტისთვის.
GDI მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ გამოხატვის, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისა, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებასთან.
***
პარლამენტმა ფორმულას გადამღებ ჯგუფს: ჟურნალისტ გიორგი კიკაბიძესა და ოპერატორ თედო ქვაჩახიას ირაკლი ზარქუასთვის პუტინის გადაწყვეტილების შესახებ კითხვების დასმის გამო აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა.
მათთვის აკრედიტაციის შეჩერების მოთხოვნით დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა.
ზარქუა უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჟურნალისტ, გიორგი კიკაბიძის კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა.
6 აპრილს პარლამენტმა სამი წამყვანი მედიის წარმომადგენლებს, კერძოდ ტვ პირველის ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, მთავარი არხის ჟურნალისტ თათია წოწონავას და ოპერატორ ზუკა ჩხვირკიას, ფორმულას ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს აკრედიტაცია შეუჩერა.
პარლამენტის გადაწყვეტილება დაკავშირებულია მედიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტებისას დეპუტატებისათვის პარლამენტის შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლეებისა და პროსამთავრობო მედია POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ქალთა სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, 5 მარტს პარლამენტმა რამდენიმე ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა, ნაწილს კი იმავე დღეს ისევ აღუდგინეს.
როგორც ჟურნალისტებმა თქვეს, მათ საკანონმდებლო ორგანოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ აკრედიტაცია ერთი თვის ვადით უჩერდებოდათ.
2 მარტს პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობდა, რა დროსაც ჟურნალისტების ნაწილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ნაწილი კი, გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ის ჟურნალისტები, ვისაც აკრედიტაცია "აქციაში მონაწილეობის" მოტივით შეუჩერეს, პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ და პროტესტში მონაწილეობას არ იღებდნენ.
1-ელი მარტიდან პარლამენტში მედიას ქცევის წესები დაუდგინეს, რომლის თანახმადაც "დეპუტატის უარის შემთხვევაში, ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს". გარდა ამისა, განისაზღვრა ჟურნალისტის აკრედიტაციის წესიც. არსებობს 2 სახის აკრედიტაცია - საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის და ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში საქმიანობა დროებით დასჭირდებათ. ამავე ბრძანების მიხედვით, წესების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდება.