logo
ENG



Georgian Airways იყიდება

17 იან 202214:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/17/tv6qksyrbk71f61.jpg

ავიაკომპანია Georgian Airways 150 მილიონ დოლარად იყიდება. ინფორმაციას ქართულ-ამერიკული Georgian Business Brokerage ავრცელებს.

11 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯორჯიან ეარვეისი რეაბილიტაციის რეჟიმში გადავიდა. ავიაკომპანიას 16 000-ზე მეტი მგზავრისა და 70-ზე მეტი კომპანიის ვალი აქვს, რომლის ჯამური მოცულობა 176 მილიონ ლარს აღწევს.   

რეაბილიტაციის რეჟიმის გამოცხადების თაობაზე განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 დეკემბერს მიიღო. 31 დეკემბერს კი ჯორჯიან ეარვეისში რეაბილიტაციის პროცესის დაწყება საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა.

სასამართლოს განჩინების თანახმად, საქართველოში კორონავირუსისგან განპირობებულმა მოვლენებმა ავიაკომპანიას ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა, რის გამოც კომპანიას ვალდებულებების მომსახურება არ შეუძლია. 

განჩინებაში აღნიშნულია, რომ განმცხადებელს აქვს რეაბილიტაციის მკაფიო ხედვა და მუშავდება რეაბილიტაციის გეგმა.

"რეაბილიტაციის ხედვა არსებული რეისებიდან შემოსავალს ეფუძნება, რომლებიც პანდემიის პირობებშიც კი უზრუნველყოფენ შემოსავლის გამომუშავებას. ცხადია, პანდემიის გავლენის შესუსტების შემდეგ შესაძლებელია განხილულ იქნას ახალი მომგებიანი მიმართულებების და რეგულარული თუ არარეგულარული ჩარტერული რეისების დამატება, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოვალის შემოსავალს", - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში.

ავიაკომპანიის დირექტორი დავით გაიაშვილი ჯორჯიან ეარვეისის 80%-იანი წილის მფლობელია, 20%-იანი წილი კი ჯორჯიან ეარ სერვისს ეკუთვნის. სასამართლოს განჩინებით, კომპანიაში რეაბილიტაციის პროცესის ზედამხედველად გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ნატო პაპიაშვილი დაინიშნა. 


close დახურვა