logo
ENG



HRC: ევროსასამართლომ 20-21 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტების სარჩელი წარმოებაში მიიღო

18 ივნ 202016:54
3 წუთის საკითხავი
 
f6k0xbv88tnxh32.jpg

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  წარმოებაში მიიღო ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელები. სიმბოლურია, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის მონაწილეთა სარჩელები სტრასბურგის სასამართლოში 1 წლის შემდეგ, სწორედ  ივნისის თვეში დარეგისტრირდა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტექსტო აქციის დარბევისას დაზარალებული ჟურნალისტების: მერაბ ცაავას, ბესლან კმუზოვისა და ზაზა სვანაძის  სამართლებრივ ინტერესებს. 

„2019 წლის 20 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრის დაცვის ქვეშ მყოფმა ჟურნალისტებმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დარბევის შედეგად, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი  დაზიანებები მიიღეს. პოლიციამ რეზინის ტყვიები საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოიყენა ისეთ ვითარებაში, როცა მისი უკიდურეს ღონისძიებად გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა და თანაც, რაც მთავარია - გამოიყენა იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთაგანაც კონკრეტულ/ინდივიდუალურ შემთხვევებში ძალადობის თუ სხვაგვარი ძალადობრივი ქმედებების რეალური და მყისიერი საფრთხე არ არსებობდა. ძალის გადამეტებამ დემონსტრაციის არაერთი მონაწილისა და ჟურნალისტის  ჯანმრთელობის მძიმე და ზოგ შემთხვევაში გამოუსწორებელი დაზიანება გამოიწვია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გავრილოვის ღამე: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქციები მოჰყვა. 

20-21 ივნისს ხელისუფლებამ აქცია პოლიციელების, სპეცრაზმისა და სპეციალური ტექნიკის საშუალებით დაარბია. აქციის დაშლისას გმაოყენებული იქნა რეზინის ტყვიები, რომელთა შესახებ ინფორმაციას ხელისუფლება ამ დრომდე მალავს. ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს სავადმყოფოებში. მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა კი თვალი დაკარგეს - ისინი თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს დაზარალებულებად.


close დახურვა