logo
ENG



HRW-ის ანგარიში: საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა

04 თებ 202613:18
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/04/jf9qjgyk0pytgxd.jpg

Human Rights Watch-ის 2026 წლის მსოფლიო ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2026 წელს ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონები, რომლებიც მიზნად ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების განადგურებასა და კრიტიკული მედიის გაჩუმებას ისახავდა.

დოკუმენტში ასევე საუბარია რეპრესიულ კანონებზე, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებზე და ნათქვამია, რომ რეპრესიული ცვლილებები ყველა უცხოური გრანტისთვის მთავრობის თანხმობას მოითხოვს და მშვიდობიან პროტესტზე, დამოუკიდებელ მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს.

Human Rights Watch ასევე წერს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.

"ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი შეზღუდვისა და ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის ფონზე გაიმართა. არჩევნების დღეს, მთავრობის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის მიზნით ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა, როდესაც ზოგიერთმა დემონსტრანტმა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი სცადა. პოლიციამ 60-ზე მეტი ადამიანი დააკავა ძალადობრივი გადატრიალების წაქეზებისა და კონსტიტუციური წესრიგის შეცვლის მცდელობის ბრალდებით. ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა ეს უკუსვლა "ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმად" შეაფასეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი" დე ფაქტო შეჩერებულია". მათ მოუწოდეს საქართველოს, შეეწყვიტა რეპრესიები და გაეუქმებინა რეპრესიული კანონები"- ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოში მიმდინარე აქციებზე პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ძალის გადამეტებაზე.

"პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს სასტიკი და გადამეტებული ძალა ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, სდევნიდნენ, ალყაში აქცევდნენ და სცემდნენ მათ, ხოლო დაკავებულებს პოლიციის განყოფილებებში აწამებდნენ და არასათანადოდ ეპყრობოდნენ. სპეცრაზმი და ხელისუფლებასთან დაკავშირებული არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფები ავიწროებდნენ ოპოზიციის აქტივისტებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს".

Human Rights Watch-ის ანგარიშში ასევე საუბარია ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებასა და მედიის მიმართ შემზღუდველი კანონების მიღებაზე.

"აპრილში პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლითაც მაუწყებლობისთვის უცხოური დაფინანსება აიკრძალა და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება გაფართოვდა.

ივნისში, მმართველმა პარტიამ კომუნიკაციების კომისიაში საჩივარი შეიტანა ორი ძირითადი ოპოზიციურად განწყობილი არხის, ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ, მათ რეპორტაჟებში, მთავრობის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების გამო. აგვისტოში სასამართლომ ცნობილ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საპროტესტო აქციების დროს ადგილობრივი პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა გამოტანილი განაჩენი დაგმეს"- ნათქვამია ანგარიშში.


close დახურვა