logo
ENG



HRW: რუსებმა ხერსონის მუზეუმებიდან ათასობით ძვირფასი ნივთი, ხელოვნების ნიმუშები მოიპარეს

20 დეკ 202221:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/20/pbevb6berx3zgtc.jpg

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, რუსმა ოკუპანტებმა, 8-თვიანი ოკუპაციის შემდეგ ხერსონიდან გასვლამდე გაძარცვეს მინიმუმ ორი მუზეუმი, ტაძარი და ეროვნული არქივი და წაიღეს ათასობით ძვირფასი ნივთი, ხელოვნების ნიმუში და არტეფაქტი.

რუსეთის ჯარები ხერსონს 2 მარტიდან 11 ნოემბრამდე პერიოდში იკავებდნენ. ამ დროის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო სამ კვირაში, რუსმა სამხედროებმა, ასევე მათთან მომუშავე სხვა სახელმწიფო პირებმა გაძარცვეს ხერსონის რეგიონული ხელოვნების მუზეუმი, რეგიონული მუზეუმი, წმინდა ეკატერინეს ტაძარი და ხერსონის რეგიონის ეროვნული არქივი.

ოკუპანტების მიერ ჯარების გაყვანის შემდეგ, HRW-ის უფლებადამცველები ხერსონის კულტურის დაწესებულებების თანამშრომლებს და უშუალოდ მოვლენათა თვითმხილველებს ესაუბრნენ. ანგარიშის თანახმად, ორ მუზეუმში ძარცვის აშკარა კვალია, მათ შორის ცარიელია სურათების ჩარჩოები, გატეხილია ყუთები და ვიტრინები, რომელშიც გამოფენილი იყო ნახატები თუ სხვა ხელოვნების ნიმუშები.

HRW-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამჟამად უცნობია, სად გაიტანეს ოკუპანტებმა სამუზეუმო ექსპონატები, თუმცა უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ მათი ნაწილი შესაძლოა ანექსირებულ ყირიმში იყოს გადატანილი.

ხერსონის რეგიონული ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილემ თქვა, რომ რუსულმა ძალებმა 31 ოქტომბერს მუზეუმში ახალი დირექტორი დანიშნეს, რის შემდეგაც მუზეუმის კოლექციიდან მოიპარეს დაახლოებით 10 000 ნივთი, რომელიც შეიცავს დაახლოებით 13 500 ნამუშევარს, ძირითადად ცნობილი უკრაინელი, რუსი და მე-19, მე-20 საუკუნის სხვა ევროპელი მხატვრების ნახატებს.

ასევე ხერსონის რეგიონული ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა და დაცვის თანამშრომელმა HRW-ის ჯგუფს უთხრა, რომ 24-26 ოქტომბრამდე პერიოდში მუზეუმში დაახლოებით 70 ადამიანი შევიდა, მათი უმეტესობა სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, თუმცა შესაძლოა, ისინი FSB-ის თანამშრომლები იყვნენ. მათ ხელუხლებელი დატოვეს ფლორისა და ფაუნის კოლექცია, მაგრამ გაძარცვეს და წაიღეს თითქმის ყველაფერი დანარჩენი.

HRW-ის უფლებადამცველებს გამოკითხული მუზეუმის, ტაძრისა და არქივის თანამშრომლები უყვებოდნენ, რომ რუსები ეუბნებოდნენ, რომ სურდათ ხელოვნების ნიმუშების, არტეფაქტებისა და ისტორიული დოკუმენტების დაცვა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან იერიშებისა და ძარცვისგან.

HRW-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ხერსონის ძარცვა, როგორც ჩანს, არ არის პირველი შემთხვევა უკრაინაში ბოლო 10 თვის განმავლობაში. 28 აპრილს რუსულმა ძალებმა წაიღეს ძვირფასეულობა, მათ შორის რელიგიური სიწმინდეები და სხვა ნივთები მარიუპოლის სამი მუზეუმიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. მარიუპოლის საქალაქო საბჭომ იტყობინება, რომ მუზეუმებიდან 2 000-ზე მეტი ნივთი მოიპარეს და რუსულ სატვირთო მანქანებში ჩატვირთეს. ასევე, ოკუპანტებმა გაძარცვეს მელიტოპოლისა და ნოვაია კახოვკას ისტორიული მუზეუმი.

ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსეთის წარმომადგენელთა ქმედებები შესაძლოა მიჩნეული იყოს, როგორც ორგანიზებული ოპერაცია, რომლის მიზანიც უკრაინელებისთვის კულტურული მემკვიდრეობის წართმევაა.


close დახურვა